სტატიები

სახალხლო დამცველს ჩორჩანაში მცხოვრებლები დიდწილად სოციალურ პრობლემებზე ესაუბრნენ

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანაში დღეს სახალხო დამცველი ჩავიდა. მასთან ერთად, სოფელში შესვლის უფლება დღეს ჟურნალისტებსაც მისცეს. 

ადგილობრივები მედიასთან და სახალხო დამცველთან დიდწილად მძიმე სოციალურ ფონზე საუბრობდნენ. ერთ-ერთი, ვინც საკუთარ პრობლემებზე ისაუბრა, ლიანა ივანიშვილია. 

“შვილი მყავს ონკოლოგი. ორჯერ შეიტანა სოციალურში. ერთი დანგრეული მანქანა და ერთი ძროხა ყავს და ის ამოუვიდა და დახმარებაზე უარი უთხრეს”, – უთხრა სახალხო დამცველს ივანიშვილმა

ლიანას თქმით, მის ონკოლოგ შვილს ახლაც სჭირდება დახმარება, რადგან ექიმთან ყოველი ვიზიტი დაახლოებით 300 ლარი უჯდებათ. 

მოქალაქეებთან საუბრის შემდეგ, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების სოციალური პრობლემები მოკლე ვადაში უნდა მოგვარდეს.

 “აქ ამ სოფელში ჩორჩანაში მოვედი და მოვისმინე ამ ადამიანების პრობლემები, რაც მათ აწუხებთ. ძირითადათ არის სოციალური საკითხები.  აქ მყოფ ადამიანებს სოციალური მიმართულებით უფრო მეტი დახმარება ესაჭიროებათ, კონკრეტული პრობლემები აქვთ, კონკრეტული გამოწვევები აქვთ და ამას სჭირდება  მოკლე ვადაში მოგვარება”, – განაცხადა იოსელიანმა. 

სახალხო დამცველის თქმით, სიტუაციის უკეთ გასაცნობად, ის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში სიარულს გააგრძელებს. 

“არის საკითხები, რომელიც შუამდგომლობას მოითხოვს ხელისუფლებასთან და მე მათ ამ მხრივაც დავეხმარები. მიმაჩნია, რომ ყველა აქტიურად უნდა ვიყვეთ ჩართულები ამ ადამიანების პრობლემების მოგვარებაში”, – თქვა იოსელიანმა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.