ადამიანები ისტორიები

ჩემ ქალაქს ვემსახურები – ყოფილი მასწავლებელი, რომელიც 5 წელია, ქარელს ასუფთავებს

ნუგზარ საბაშვილი ყოველ დილით, უთენია დგება და მორიგი სამუშაო დღისთვის ემზადება. ბოლო 5 წელია, მისი საქმე ქარელის ქუჩების დასუფთავებაა. ახსოვს ის დღე, როცა ეს სამსახური მორიდებულად შესთავაზეს, ის კი ამაყად დათანხმდა, რადგან მისივე სიტყვებით, გარემოს დასუფთავება და დალაგება წესით ყველა ადამიანის საზრუნავი და საფიქრალი უნდა იყოს.

“ჩემთან მოვიდნენ და მითხრეს, თუ იკადრებთ, რომ იმუშაოთო. მე თანხმობა ვუთხარი, რადგან ისედაც ქუჩაში რომ გავივლიდი და სადმე რამე ეგდო, ავიღებდი და ურნაში ვაგდებდი. მიყვარს სუფთად რომ არის ქალაქი და ქუჩები. მე ქალაქს ვემსახურები, რომელიც უზომოდ მიყვარს და ამას ვაკეთებ, როგორც დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი”.

ნუგზარი ახლა 76 წლისაა. ასაკის მატებასთან ერთად, ძალა და ენერგია აკლდება, თუმცა როგორც თავად ამბობს, ჯერჯერობით საქმეს თავს ართმევს და ზოგჯერ იმაზე მეტსაც აკეთებს, ვიდრე ევალება.

“ადრე ფეხით დავდიოდი, მერე ვიფიქრე, ველოსიპედით უფრო გამიადვილდებოდა და მას შემდეგ, ველოსიპედით დავდივარ. ასე უფრო სწრაფად ვაკეთებ ჩემს საქმეს. ისე, ხან სადაც არ მეკუთვნის დასუფთავება, იმ ადგილებსაც ვასუფთავებ ხოლმე. სანამ ჯანი მექნება, მინდა აქტიური ცხოვრებით ვიცხოვრო. ვვარჯიშობ კიდეც ცოტა-ცოტას, რომ ის ჯანმრთელობა შევინარჩუნო, რაც მაქვს.”

ნუგზარი საკუთარ საქმეზე არ წუწუნებს. ამბობს, რომ ხელფასი დაბალია, თუმცა მომატებას არ ითხოვს.

“ხელფასის მომატებას არ ვითხოვ, რადგან ვიცი ჩემი ხელფასის მატება მოსახლეობის ხარჯზე უნდა მოხდეს, ისინი ჯერ ისედაც ვერ იხდინ გადასახადებს და არ მინდა უფრო გავურთულო საქმე. მაკმაყოფილებს ჩემი ხელფასი, რადგან სხვა გამოსავალი არ არის”.

ნუგზარი წარმოშოებით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთიდანაა. მიუხედავად იმისა, რომ 40 წელზე მეტია, რაც ქარელში ცხოვრობს, ბედნიერი მოგონებები გორთანაც აკავშირებს. პირველი და მისი საყვარელი პროფესიით სწორედ გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარიანში მუშაობდა – ის 22 წელი ვარიანის სკოლის მასწავლებელი იყო.

“მოსწავლეებს ავტომობილებს და ტრაქტორებს ვასწავლიდი, როგორც პრაქტიკულ საქმიანობას, ასევე თეორიას. მრავალი მექანიზატორი და მძღოლი მყავს გაზრდილი. ბავშვები ძალიან მიყვარდა და მათაც ვუყვარდი. დღესაც რომ შემხვდებიან ხოლმე ჩემი მოსწავლები, კარგად მოვიკითხათ ერთმანეთს და მიხარია, რომ არ ვავიწყდები”.

90-იანი წლებისთვის დამახასიათებელი სირთულეების გამო, ნუგზარმა სკოლა 1978 წელს დატოვა და ქარელში მექანიზატორად დაიწყო მუშაობა. მოგვიანებით, ბედი სოფლის მეურნეობაშიც სცადა, თუმცა ერთი ცხოვრებისეული ტრაგედიის შემდეგ, მისი ყოველდღიურობა შეიცვალა.

“ხილიც ბევრი მქონდა, ბაღებიც, მაგრამ შემდეგ 2001 წელს ჩემს გოგოს ფეხზე პრობლემები შეექმნა, ექიმებმა შეცდომა დაუშვეს ოპერაციის დროს და ის დღეს პირველი ჯგუფის ინვალიდია. შემდეგ შეიქმნა ისეთი სიტუაცია, რომ ჩემი შვილი ჩაერთო პარასპორტში და მისი მხარდაჭერა, მასთან ერთად სიარული ჩემი მთავარი საქმე გახდა”.

დღეს ყველაზე მეტად სწორედ საკუთარი შვილით ამაყობს. კმაყოფილი და ბედნიერი ამბობს, რომ მისი შვილი ნინო საბაშვილია – გოგო, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

“ჩემი შვილი მკლავმჭიდელი ნინო საბაშვილია, იცნობთ ალბათ, მრავალგზის გამარჯვებულია. არის მსოფლიოს ჩემპიონი, კორეიის ზამთრის ოლიმპიადის მონაწილე”, – მითხრა საუბრის ბოლოს სიამაყით და იქვე დაამატა, – მე ყოველთვის და ყველგან მის გვერდით ვარო.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი