ადამიანები ისტორიები

“მე აღარაფრის აღარ მეშინიან” – 83 წლის მარტოხელა ქალის და მისი ყვავილების ამბავი

ნანული მერებაშვილის სახლში, პირველივე, რაც თვალში მოგხვდებათ, ქოთანში დარგული ყვავილებია. მისი დილა ამ ყვავილების მოვლით იწყება. ქოთნები ალბათ ათიოდეა და აივანის კუთხეში მწყობრად ალაგია. ამბობს, რომ ზუსტად იმდენია, რამდენის მოვლაც შეუძლია.

„ვინმემ რომ მკითხოს, რა შეიძლება ჩემგან ისწავლონ, ვეტყვი, რომ ადამიანის მხარში დგომა, სიკეთის და საქმის კეთება. მე ჯანმრთელობა აღარ მომდევს, რომ კიდევ რამეში გამოვადგე ვინმეს. ამათ კი ვუვლი”, – მეუბნება, აივნის კიდესთან ჩერდება და მზერით ყვავილებზე მითითებს. 

ნანული  საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევში მარტო ცხოვრობს, თუმცა ხშირად აკითხავს შვილი, რომელიც სოფლიდან ქალაქში, სამსახურის გამო, წავიდა. 

„გაჭირვებული ცხოვრების გამო, სოფლიდან ბევრი მიდის. ამ სოფელში ძნელია რამეს მოეწიო“.

სოფელ მეჯვრისხევში ის 60 წლის წინ დასახლდა. ოცი წლის ვიყავიო, როცა ერთ მშრომელ, ადამიანს ცოლად გავყევიო, მითხრა და იქვე დააყოლა, რომ ორივეს უამრავი ოცნება და გეგმა ჰქონდათ.

„მე მეფრინველეობის ფაბრიკაში ვმუშაობდი. ახლა კი დანგრეულია და გაპარტახებულია იქაურობა, მაგრამ მაშინ დასაქმებული ვიყავი და მომავალსაც იმედით ვუყურებდი. სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც ჩვენ ვგეგმავდით“.

სირთულეების მიუხედავად, არასოდეს შეცვლილა მისი დამოკიდებულება ოჯახის და საკუთარი სახლ-კარის მიმართ. საუბრიდან მივხვდი, რომ მისი ერთგულება ამ ყველაფრის მიმართ ვერც 2008 წლის ომმა შეარყია. 

“ჩემი მეუღლე მაშინ ავად იყო, ლოგინში მწოლიარე მყავდა და მასთან ერთად, ვიყავი ამ სახლში. არც მიფიქრია, სადმე წასვლა. მთელი ომის პერიოდი ერთად ვიყავით და მგონია, რომ ეგრეც უნდა ყოფილიყო”.

სოფლიდან წასვლა არც მეუღლის დაღუპვის შემდეგ მოსვლია აზრად. ამბობს, რომ იქაურობა შეიძლება მისი მშობლიური ადგილი არაა, მაგრამ მისი შრომის შედეგია, ამიტომაც უყვარს და ეძვირფასება. უყვარს თავისი ყვავილებიც და ამბობს, რომ სანამ ყოჩაღად არის, მათ სულ მოუვლის. 

“როდესაც ჩემი ყვავილები მოუვლელობისგან გახმებიან, ესე იგი მე აღარ შემიძლია ან აღარ ვარ. სანამ ესენი ცოცხლები არიან, ესე იგი მეც ყოჩაღად ვარ.“

საოკუპაზიო ხაზთან მცხოვრები 83 წლის ქალი ერთ-ერთია, რომელსაც გაჭირვებამ ბევრი ცხოვრებისეული შიში დააძლევინა და რომელმაც საუბრის ბოლოს ასეთი სიტყვები მითხრა:

“არაფრისა არ მეშინიან ქვეყანაზე, აღარაფრისა.”


მასალა მომზადებულია პროექტის “ქალები და ოკუპაცია” ფარგლებში. პროექტს “მოზაიკა” შვედური ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” დაფინანსებით ახორციელებს. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის პოზიციებს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.