ბლოგები

რატომ სჭირდებოდა გორს ახალგაზრდული სივრცე? 

ავტორი: რუსუდან ბუზიაშვილი, ახალგაზრდული კაფის მენეჯერი

არაფორმალურ განათლებასა და არაფორმალურ გარემოს, ერთნაირად დიდი მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდის ჩამოყალიბებაში დამოუკიდებელ, შემდგარ პიროვნებად.

არაფორმალური განათლების ნაკლებობას არასდროს განიცდიდა ჩვენი ქალაქი, ყოველთვის იყო დიდი თუ პატარა პროექტები, ბანაკები, ფორუმები, პროგრამები, მაგრამ, ახალგაზრდებისთვის ყოველთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა, ისეთი სივრცის არსებობა, სადაც ისინი შეძლებდნენ თავისუფალი დრო ყველანაირი დანახარჯის გარეშე გაეტარებინათ.

ხშირად შეგვქმნია პრობლემა სხვადასხვა პროექტებზე მუშაობისას, რადგან არ გვქონდა სივრცე, სადაც დავსხდებოდით და ვიმუშავებდით ისე, რომ არავის ეთქვა ,,რამე შეუკვეთეთ ან გადით’’ ან სულაც ,,თქვენი დრო ამოიწურაო’’.

8-9 წლის წინ, როდესაც გადავწყვიტე აქტიურად ჩავრთულიყავი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში და ამ პრობლემის წინაშე დავდექი, მხოლოდ ოცნებად მქონდა ისეთი სივრცის არსებობა, სადაც მივიდოდი, დავჯდებოდი და თავისუფალ დროს გავატარებდი.

ხოლო როდესაც აბიტურიენტი გავხდი და დავინახე ჩემი მეგობრები, სხვადასხვა სოფლებიდან, მასწავლებლიდან-მასწავლებლამდე, ქუჩაში როგორ ელოდებოდნენ დროის გასვლას, ზამთარში როგორი რთული იყო მათთვის რამდენიმე საათის ქუჩაში ყოფნა, გადავწყვიტე, ჩემი ოცნება მიზნად მექცია.

ამდენი წლის შემდეგ, ოცნება ჯერ მიზნად, შემდეგ კი რეალობად იქცა – “ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანების’’ დიდი შრომითა და გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და კერძო კომპანიის მხარდაჭერით, ახლა ჩვენს ქალაქში არის პატარა, მყუდრო კაფე ,,სფეისი”, იგივე სივრცე, რომელიც თქვენია, სივრცე, რომელიც ეკუთვნის ყველას.

როდესაც ვამბობთ რომ ,,სფეისი’’ არის ახალგაზრდული კაფე, ადამიანებს ყოველთვის ჰგონიათ, რომ ეს სივრცე არის მხოლოდ ახალგაზრდებისთვის. იგივე შემთხვევა გვაქვს, როდესაც ვწერთ, რომ ჩვენი კაფე არის სოციალური, საზოგადოებამ  გაიგო, რომ  ფუნქციონირებს მხოლოდ სოციალურად დაუცველი, შეჭირვებული ადამიანებისთვის.

რეალურად, ჩვენ არ გვაქვს არანაირი შეზღუდვა, ჩვენთან მოსვლა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დროს როგორც გასართობად, ისე სამეცადინოდ და განსატვირთად.

ჩვენი მიზანი რეალობად იქცა.

ახლა, როდესაც ვხედავ, რომ ახალგაზრდებმა ზუსტად დაინახეს ჩვენი მიზანი, თავისუფალი დროის ქუჩაში გატარების მაგივრად, მოდიან ჩვენთან,  კითხულობენ წიგნებს, უსმენენ მუსიკას, მიირთმევენ სხვადასხვა კერძებს ან უბრალოდ საუბრობენ მეგობრებთან, იჩენენ ახალ მეგობრებს და ბედნიერები არიან ჩვენი სივრცით. კიდევ უფრო მეტად ვამაყობ, რომ ვარ ამ გუნდის წევრი და სულ მცირე წვლილი მაინც მიმიძღვის ამ დიდ საქმეში.

დატოვეთ კომენტარი