ადამიანები ისტორიები

ნახევარი საუკუნე სკოლის კედლებში – როგორია სიბერე, როცა სკოლა და ბავშვები გენატრება

ჩემი სახელია თამარი, გვარი აივაზიშვილი. ჩემი წლოვანება უკვე 75 წელია, – მეუბნება ყოფილი მასწავლებელი, რომელსაც თითქმის ერთი საათი ვესაუბრე და რომელსაც ყველაზე მეტად სკოლაში მუშაობის წლებზე საუბარი ახალისებდა. 

“ბედმა ისეთი ცხოვრება მარგუნა, ფიქრისთვის დრო არ მაქ, მაგრამ იმდენად მიყვარდა ჩემი პროფესია… ისე მენატრება იმ მეცხრე კლასელების თვალები, სკოლიდან რომ გამომაცილეს, ცრემლებით სავსე”, – ამბობს და თვითონაც თვალები ცრემლით ევსება. 

თამარმა სკოლაში 50 წელი იმუშავა. ამბობს, რომ ყოველთვის ცდილობდა, კარგი მასწავლებელი ყოფილიყო, რისთვისაც მიზი აზრით, აუცილებელი იყო საქმის ცოდნა, სამართლიანობა და ბავშვების სიყვარული. 

“ჩემი აზრით, კარგი მასწავლებელი ბუნებით ამ საქმისთვის დაბადებული უნდა იყოს. უნდა იყოს პირველ რიგში თავისი საქმის ძალიან კარგი მცოდნე, სამართლიანი და ყველაზე მთავარი, უყვარდეს ბავშვები.  მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში აღარ ვარ, სულ მინდა ჩემ ყოველდღიურობაში ჩართული იყოს კვლავ პედაგოგური საქმიანობა. მინდა ისევ ვუზიარებდე ბავშვებს ჩემ გამოცდილებას … “. 

თამარი ბავშვებს ფიზიკას ასწავლიდა.  3-4 წლის წინ კი, სკოლის კედლები დატოვა და მთელი ენერგია ოჯახის საქმეებზე გადაიტანა. ახსოვს ბოლო სიტყვები, რომლებიც საკუთარ მოსწავლეებს უთხრა: 

“როცა ვემშვიდობებოდით ერთმანეთს, ჩემი ბოლო სიტყვა ასეთი იყო, – გიყვარდეთ ერთმანეთი, გაუფრთხილდით ერთმანეთს. მინდა, რომ ეს ისწავლოს ყველა ბავშვმა, ყველა ადამიანმა”. 

თამარი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ცხოვრობს.  ის აქ დაიბადა, აქ გაიზარდა და სიბერესაც ამ სოფელში ატარებს. როცა ვკითხე, თუ უფიქრია სოფლიდან წასვლაზე, ერთი ამბავი მიამბო, ისიც სკოლის ცხოვრებიდან. 

“ამ კითხვაზე შემიძლია ესეთი მოგონება გავიხსენო, პირველად სკოლაში რომ მივედი სამუშაოდ, მაშინ ესეთი გაზეთი იყო “სოფლის ცხოვრება“ და მას ჰქონდა  რადიოში გადაცემა. მოვიდნენ კორესპონდენტები და გვთხოვეს, რომ ახალგაზრდა მასწავლებელთან სურდათ გასაუბრება, დირექტორმა მე წარმადგინა  და პირველი კითხვა ასეთი იყო, ყველა ქალაქში მიდის, რატომ აირჩიე სოფელი და რატომ მუშაობ მეჯვრისხევში, არ გინდა თბილისიო?  მე ვუპასუხე, მე თბილისი, რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს, ჩემი სამშობლოს დედაქალაქია, მაგრამ ჩემი პატარა მეჯვრისხევი მთელ ქვეყანას მირჩევნია. აი, ზუსტად ესეთი იყო ჩემი პასუხი. ახლა შენც იგივე გიპასუხებ”, – მითხრა და მზერა საკუთარ კარ-მიდამოს მოატარა. 

თამარი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში, შვილთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს. ამჩნევს და წუხს, რომ მის მეზობლად სახლები ცარიელდება და ადამიანები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, საცხოვრებლად ქალაქში მიდიან. 

“მეჯვრისხევი ძალიან დიდი სოფელი იყო, ალბათ გორის რაიონში ყველაზე დიდი სოფელი, არავინ, მხოლოდ იშვიათი თუ ფიქრობდა სოფლიდან წასვლაზე, ეხლა მასიურად იცლება სოფელი.  უბანში რომ გაივლი, ყოველი მესამე თუ არა მეოთხე სახლი მაინც ცარიელია. რას ვიზამთ, ახალგაზრდობა მიდის იქ, სადაც სამუშაო ეგულება”.

ახალგაზრდებთან ურთიერთობა ყოფილი მასწავლებლისთვის ახლაც ენერგიის წყაროა. ამბობს, რომ საკუთარ ოცნებებში სიბერის მიძღვნაც ბავშვებისთვის უნდოდა. 

“ახალგაზრდობაში  მეგონა უფრო მშვიდი იქნებოდა ჩემი სიბერე. პენსიაზე გასვლის შემდეგ რაღაც მეთოდურს დავწერდი, ძალიან მინდოდა ზღაპრები დამეწერა ბავშვებისთვის, მაგრამ შეუძლებელია, იმდენი სხვა საქმეა ყოველდღიური, რომ შეუძლებელია ჩემი ამ ოცნების ახდენა და შესრულება”.

აუხდენელი ოცნების და საფიქრალით სავსე სიბერის მიუხედავად, თამარი საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილია. ბედნიერია განვლილი წლებით, განსაკუთრებით კი იმ მოგონებებით, რომლებიც სკოლიდან მოჰყვება. 

“სკოლაში ჩატარებული ყოველი გაკვეთილი ცხოვრების გაკვეთილია. ბავშვებთან ურთიერთობა რაღაც ახალს მასწავლიდა, მაგრამ ამდენი გაკვეთილის მიუხედავად, მე მაინც ისეთად დავრჩი, როგორიც ვიყავი. აი ისეთი, მიწაზე კი არა, ცოტა ჰაერში რომ დაფრინავს და ადამიანებისგან სულ მაღალ იდეალებს რომ ელოდება. მერე ვენარცხებოდი ხოლმე დაბლა, მაგრამ მაინც არ ვიცვლებოდი და ისევ ისე მიყვარდნენ ადამიანები”, – რაღაცნაირი სევდით, მაგრამ კმაყოფილებით მითხრა და კვლავ საკუთარი მოსწავლეები გაიხსნება, – “მართლა ძალიან მიყვარს ადამიანები, განსაკუთრებით ჩემი ნამოწაფარი ბავშვები. ყველა ბავშვი, განსაკუთრებით კი მათი სითბოთი სავსე თვალები. აი, ეგაა ჩემი სიცოცხლის არსი და ჩემი შრომის დაფასება. აი, ასეთი სიყვარული მასწავლეს ბავშვებმა”. 


მასალა მომზადებულია პროექტის “ქალები და ოკუპაცია” ფარგლებში. პროექტს “მოზაიკა” შვედური ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” დაფინანსებით ახორციელებს. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის პოზიციებს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.