ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს ხელფასები გაეზარდათ. შესაბამის დადგნილებას საკრებულოს წევრებმა კენჭი 1 ივნისს უყარეს.
ხელფასების მატებას საკრებულოს ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა წევრმა, ირინე გელაშვილმაც დაუჭირა მხარი.
“აი, სწორი მიდგომა ეს არის და თანამშრომლთა დაფასება. საკრებულოს აპარატის თანაშმრომლების ხელფასების მატებას ვუყარეთ კენჭი და მე ამას მხარს ვუჭერ”, – განაცხადა პარტიის “საქართველოსთვის” წევრმა ირინე გელაშვილმა.
რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, გადაწყვეტილებას ენმ-ს წევრებმა მხარი არ დაუჭირეს. ეკატერინე პაპუაშვილის თქმით, მაშინ როცა ცალკეულ ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ პირებს მიზერულ ხელფას უხდიან, საკრებულოსა და მერიაში ხელფასების ზრდა მიზანშეწონილი არ არის.
“არ აქვს მნიშვნელობა მერია იქნება თუ საკრებულო. არც ერთის ხელფასის მომატებას არ დავუჭერ მხარს, სანამ სპორტის, კულტურის, დასუფთავების თანამშრომლებისთვის არ იქნება მატება გათვალისწინებული. შეუძლებელია, დღევანდელ დღეს 280-300-400 ლარი იყოს ხელფასი ადამიანებისთვის, ვინც ზრუნავს ჩვენი ქალაქის სისუფთავეზე და ჩვენი მომავალი თაობის კულტურულ და სპორტულ აღზრდაზე”, – აღნიშნა ეკატერინე პაპუაშვილმა.
ვის გაეზარდა ხელფასი ?
დადგენილების მიხედვით, თვის ბოლოს მომატებულ ხელფასს აიღებენ საკრებულოს აპარატის უფროსი, განყოფილების უფროსი და სპეციალისტები. ჯამში, 6 თანამშრომელი.
“მათ ეს დაიმსახურეს” – ხაშურის საკრებულომ აპარატის თანამშრომლებს ხელფასები გაუზარდა
როგორ იცვლება ხელფასების რაოდენობა წლიდან წლამდე?
ვიდრე აღნიშნული ცვილელება დამტკიცდებოდა, ხაშურის საკრებულოში ხელფასების ზრდა გასული წლის ბოლოსაც მოხდა. მაშინ მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო მოხელეებს ხელფასები 10%-ით გაეზარდათ.
რაც შეეხება საკრებულოში დასაქმებულ აპარატის თანამრომლებს, მათზე გამოყოფილი სახელფასო ფონდი 2022 წელს თვიურად 8 107 ლარი იყო, 2021 წელს – 5 600 ლარი. მიმდინარე წელს კი, ეს რიცხვი 9 075 ლარამდე გაიზარდა.
2023 წელი
2022 წელი
2021 წელი
ინფორმაციისთვის, ხელფასები გაეზარდათ ხაშურის მერიის თანამშრომლებსაც. ოპოზიციამ საკითხს მხარი არ დაუჭირა, თუმცა მმართველი პარტიის წევრების ხმათა უმრავლესობით, მერიის 138 თანამშრომელს ხელფასი მოემატათ.
24 საათი ვმუშაობ და რატომ არ უნდა მომემატოს ხელფასი – ხაშურის მერიის თანამშრომელი