ახალი ამბები

გიდების დეფიციტი გორის მუნიციპალიტეტში – რა გეგმავს ტურიზმის სააგენტო 

“სამწუხაროდ გიდები არ გვყავს”, – ამბობს გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს, ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელი, რობერტ მაღლაკელიძე. მისი თქმით, მუნიციპალიტეტში პროფესიონალი გიდები, მხოლოდ მუზეუმებს ჰყავთ. 

“ვიდრე პანდემია დაიწყებოდა, სამი წლის წინ, ორჯერ გვქონდა ატენის ხეობაში გიდების ბანაკი, მოწვეულები გვყავდა ინგლისურენოვანი სტუდენტები, რომ  მოგვემზადებინა და გვყოლოდა პროფესიონალი გიდები. გიდები გვყავს, მხოლოდ მუზეუმებში, თავისი საქმის პროფესიონალები არიან, მაგრამ გიდი რომ დაგჭირდეს გორის თავიდან, გორის ბოლომდე ან უფლისციხეში წაგიყვანოს ან ატენის ხეობაში და ყველაფერი მოგითხროს, ეგეთი არ გვყავს სამწუხაროდ”, – ამბობს მაღლაკელიძე. 

მაღლაკელიძის თქმით, გიდების გადამზადებისა და ამ მიმართულებით ახალგაზრდების ხელშეწყობისთვის სკოლებში ტურისტული კლუბები შეიქმნა. 

“შევარჩიეთ სკოლის მოსწავლეები, დაახლოებით 15 ბავშვია, ძალიან მონდომებულები და ნიჭიერები. ჩავატარეთ ტრენინგები და ახლა გადავდივართ გორის ისტორიაზე, ისტორიულ ძეგლებზე. შემდეგ წავიყვანთ, პრაქტიკას გავატარებთ თავიდან ბოლომდე და ფაქტობრივად, გვეყოლება გიდები ქართული და უცხოენოვანები”, – გვითხრა რობერტ მაღლაკელიძემ. 

ინფორმაციისთვის, პარლამენტში შეიმუშავეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ტურისტული საქმიანობების რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში სავალდებულო გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში დაურეგისტრირებელი გიდები ყველგან მუშაობას ვეღარ შეძლებენ. 

მთავარი ფოტო: Emily Lush

დატოვეთ კომენტარი