სტატიები

ვინ არიან “ახალი სამშენებლოს” მეწილეები, რომლის მთავარი დამკვეთი ქარელის მერიაა

სახელმწიფო ტენდერების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე კომპანია “შპს ახალი სამშენებლოა”, რომელიც 2012 წელს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრებში უშანგი კოკოზაშვილმა დააფუძნა. კომპანიის შემოსავალი პირველ წლებში ბიუჯეტის ფული არ ყოფილა. სახელმწიფო შესყიდვების საიტის მიხედვით, კომპანიას წარმატებული მონაწილეობა ტენდერებში 2019 წლიდან იწყება.

რა და როგორ შეიცვალა აღნიშნულ კომპანიაში? – ამის გარკვევა “მოზაიკამ” სცადა.

კომპანია თავდაპირველად “ანიას” სახელით, უშანგი კოკოზაშვილმა 2012 წელს დააფუძნა. თავდაპირველად, 100%-იანი წილის მფლობელიც თავადვე იყო, თუმცა ეტაპობრივად, კომპანიაში წილების გადანაწილება შეიცვალა. დოკუმენტების მიხედვით, ახალმა მეწილეებმა წილები საჩუქრად მიიღეს.

წელიდირექტორიმეწილეები
2012 წელიუშანგი კოკოზაშვილიუშანგი კოკოზაშვილი (100%)
2014 წელიუშანგი კოკოზაშვილიუშანგი კოკოზაშვილი (40%),
მამუკა მსურაშვილი (30%),
ზაქარია ელბაქიძე (30%)
2015 წელიზურაბ ნაფიშვილიმამუკა მსურაშვილი (50%)
ზაქარია ელბაქიძე (50%)
2018 წელიმამუკა მასურაშვილიმამუკა მასურაშვილი (50%)
მამუკა ჩიბირაშვილი (50%)

2018 წლისთვის, კომპანიას უკვე ახალი სახელი “შპს ახალი სამშენებლო” აქვს და ამ დროისთვის, მისი ახალი ხელმძღვანელი წილებს მამუკა ჩიბირაშვილთან ერთად ინაწილებს, რომელიც მანამდე ქარელიის მერიის ერთ-ერთ შპს-ში “ქარელის კეთილმოწყობის სამსახურში” დირექტორად მუშაობდა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ შეგროვებული მონაცემების მიხედვით, კომპანია 2018 წლამდე ტენდერების უმრავლესობას აგებდა, 2019 წლიდან კი მისი სერვისების მთავარი შემსყიდველი ქარელის მუნიციპალიტეტის მერია გახდა.

დოკუმენტების მიხდვით, მამუკა ჩიბირაშვილს სხვა კომპანია “შპს საქართველოს კომპანიაც” აქვს, სადაც 100%-იან წილს თავად ფლობს. ჩიბირაშვილი სახელმწიფო ტენდერებში ამ კომპანიითაც მონაწილეობს და ზოგიერთ შემთხვევაში, “ახალი სამშენებლოს” კონკურენტიც თავადვეა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წელს, “შპს ახალი სამშენებლოს” დირექტორი მამუკა მასურაშვილი “ქართულ ოცნებას” თანხას სწირავს, 5 000 ლარის ოდენობით.

ამავე თემაზე: 100 000 ლარზე მეტი “ოცნების” შემომწირველ კომპანიას – ქარელის მერიის შესყიდვები

დოკუმენტების მიხედვით, კომპანიას მხოლოდ გასულ წელს და მხოლოდ ქარელის მერიისგან ტენდერებითა და გამარტივებული შესყიდვებით 532 132 ლარი აქვს მიღებული.

ამავე თემაზე: “ოცნების” შემომწირველმა კომპანიამ ქარელის მერიისგან ერთ წელში 500 000 ლარი მიიღო

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.