ახალი ამბები

“დღეს მაინც ყოფილიყო უფასო” – რა ღირს გორში საბავშვო ატრაქციონებით სარგებლობა 

გორში ბავშვთა დაცვის დღე სხვადახვა ღონისძიებებით აღინიშნება. ბავშვები ქალაქის ცეტრში, შადრევანთან შეიკრიბნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ იქ არსებული საბავშვო ატრაქციონებით სარგებლობას ყველა ვერ შეძლებს, რადგან როგორც მშობლები ამბობენ, არსებული ფასი მათთვის საკმაოდ ძვირია. ატრაქციონების ფასი 2 და 5 ლარია. 

“ფულიანი ოჯახების ბავშვთა დაცვის დღეს გილოცავთ. გაჭირვებული ოჯახის ბავშვები სულ ვერ გაერთობიან დღეს, ისეთი ფასები ადევს ბავშვებისთვის ატრაქციონებს. ყველა დღესასწაული მთავრობისთვის ფულის საკეთებელი დღეა. ხალხზე და ბავშვებზე სულ არავინ ფიქრობს. შორიდან შესცქერიან ბავშვები ატრაქციონებს. ამას ქვია ბავშვთა დაცვის დღე”, – ამბობს ერთ -ერთი მშობელი, ლიკა გურგენიძე. 

მის მოსაზრებას იზიარებენ სხვა მშობლებიც და ამბობენ, რომ დღევანდელ დღეს ატრაქციონები ბავშვებისთვის უფასო უნდა ყოფილიყო. 

“მართლა სამარცხვინოა, თუ დღევანდელ დღეს, რომელიმე ბავშვი გულდაწყვეტილი დარჩება. უამრავი გაჭირვებული ბავშვია. იმათ ისიც ეყოფათ ყოველდღიურად გაჭირვებაში, რომ უწევთ ცხოვრება. რა გახდა ეს ერთი დღე, რა გაჭირვება ადგია მთავრობას, ერთი დღით უფასო რომ ყოფილიყო ატრაქციონიც და სხვა გასართობი პროგრამებიც”, – ამბობს მაიკო ქინქლაძე. 

“დღეს მაინც ყოფილიყო უფასო. თუნდაც, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის”, – ამბობს ნუცა სხირელი. 

გორის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი, რამაზ შიოშვილი ამბობს, რომ აღნიშნული ატრაქციონები კერძო მესაკუთრეებისაა და ფასებსაც ისინი აწესებენ. 

” ჩვენ ამაში ვერ ვერევით, კერძო მეწარმებიი არიან, რომლებიც ასეთ დღეებში საკუთარი სურვილით დგამენ ატრაქციონებს და ფასებსაც თავად აწესებენ”, – განმარტა შიოშვილმა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.