ახალი ამბები

ხალებთან დამაკავშირებელი ხიდი ამჯერად გისოსებით ჩახერგეს 

ხაშურის მერიის ცნობით, სოფელ ხალებთან დამაკავშირებელი ხიდზე უსაფრთხოების მიზნით დამატებითი ზომები გატარდა. ამჯერად ხიდის ორივე მხარეს რკინის გისოსები დაამაგრეს. 

მანამდე მერიამ რამდენჯერმე ჩახერგა ხიდი ბეტონის ბორდიურითა და მიწაყრილით, თუმცა მოსახლეობა თვითნებურად ახდენდა ბარიერის მოშლას და ხიდით სარგებლობას აგრძელებდა. 

“როგორც არაერთხელ გაცნობეთ, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე მდინარე მტკვარზე, სოფელ ხალებთან დამაკავშირებელი ხიდი ავარიული მდგომარეობაშია და მისი ექსპლუატაცია კატეგორიულად აკრძალულია. ამასთან, მდინარე მტკვარში წყლის დონე საკმაოდ არის მომატებული, რაც საფრთხეს აძლიერებს”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

მერია განმარტავს, რომ მოქალაქეებს საშუალება აქვთ ისარგებლონ თაგვეთისა და ხცისის მხრიდან შემოვლითი ალტერნატიული გზებით.

დატოვეთ კომენტარი