ხატვას ჭირდება მუზა და ინსპირაციის წყარო, – ამბობს ხაშურში მცხოვრები მხატვარი გვანცა გოგნაძე, რომელიც სკოლის ასაკიდან ხატავს და უკვე რამდენიმე წელია სკოლაში მასწავლებლად მუშაობს.
გვანცას წლების განმავლობაში უამრავი ნამუშევარი დაუგროვდა. ყველაზე ხშირად კი ყვავილებს ხატავს.
“სკოლის ასაკიდან ვხატავ. და მყავს ჩემზე უფროსი, რომელიც კარგად ხატავს და მას რომ ვყურებდი, მეც მინდოდა. ამიტომ გადავწყვიტე, ჩამებარებინა და მესწავლა ხატვა. ყველაზე მეტად ყვავილების ხატვა მიყვარს, სიფერადე მიყვარს და ყველაზე მეტი ნამუშევარიც ყვავილის მაქვს”, – ამბობს ის.
გვანცა ამბობს, რომ ყველზე მეტ დროს ხატვას უთმობს. მისი ნამუშევრები ძირითადად გვიან ღამით იქმნება.
“დიდ დროს ვუთმობ ხატვას, უფრო მეტად ღამე მუსიკის ფონზე სიმვიდეში ვხატავ. ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს შეუძლია ხატვა. თავიდან მეც არ ვხატავდი ასე ლამაზად, ეს სწავლის პერიოდში გამომიმუშავდა. ყველა ჩემს მოსწავლეს დაწყებული აქვს ხატვა, უბრალოდ მე ტექნიკას ვახვეწინებ. როგორ უნდა გააკეთონ მონახაზი, ფერები როგორ გადაიყვანონ, ამას ვასწავლი. ბევრი უნდა ხატონ, ხელი რომ მიეჩვიოს და დროდადრო დახვეწენ”, – აღნიშნავს ის.
გვანცამ რამდენიმე წლის წინ მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. ის ახლა ხაშურელ და სურამელ ახალგაზდებს ხატვის ტექნიკის დაუფლებაში ეხმარება.
“სასწავლებლის დასრულებიდან წელიწადნახევარში დავიწყე მასწავლებლად მუშაობა. ერთ-ერთ გამოფენაზე ხაშურის კულტურის თანამშრომლებმა შეამჩნიეს ჩემი ნამუშევრები და შემომთავაზეს, რომ მასწავლებლად დამეწყო მუშაობა. ვარ ხატვის მასეავლებელი, როგორც ხაშურის კულტურის ცენტრში, ასევე სურამშიც. ჩემთვის ძალიან საინტერესოა და უდიდესი პასუხისმგებლობაა ბავშვებთან მუშაობა”, – ამბობს ის.