ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ მონასტრის მკვიდრი პაატა გელაშვილი ხისგან საყოფაცხოვრებო ნივთებს ქმნის და ნაწარმი გასაყიდად სოფლიდან ქალაქში ჩააქვს.
პაატამ ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დასახლებული სოფელი ვერ მიატოვა და მეტიც სოფლის მეურნეობას და ხელსაქმეს მამაპაპისეულ სახლში მოჰკიდა ხელი.
“ქალაქთან შედარებით სოფელში უფრო მეტ დროს ვატარებ, აქ მოსახლეობა მხოლოდ ზაფხულში ამოდის, რაც ჩემთვის გულსატკენია. მეექვსე წელია, რაც ხისგან ნივთების დამზადება დავიწყე. მხოლოდ ხელფასი არ მაკმაყოფილებდა და დამატებითი შემოსავალი რომ გამეჩინა, საწყის ეტაპზე ამიტომ დავიწყე. ხის დამუშავებასთან ახლოს ვიყავი, ტყეა თითქმის ჩემი სოფელი და ამ საქმის დასწავლა არ გამჭირვებია. სერიოზული ინტერესი რომ გამიჩნდა, ინერნეტში ვიდეოებსაც ვუყურებდი ხოლმე და რაც არ ვიცოდი, ასე ვსწავლობდი”, – გვიყვება პაატა.
პაატა ნივთებს ძირითადად ხმელი ხეებისგან აკეთებს, მასალას კი სოფლის ტყიდან ეზიდება.
“ჩენს ირგვლივ სულ ტყეა და დასამუშავებელი მასალის მოგროვება მარტივია. ხმელი ხეებისგან ვაკეთებ სხვადასხვა ნივთებს, როდინი, ხის ჭიქები, თასები, ყავის და ჩაის ჩასაყრელები, თეფშები. უფრო როდინებზე მაქვს ხოლმე შეკვეთა, ეს უძველესი საოჯახო ნივთი ძალიან პოპულარულია და ყველაზე მეტად მოთხოვნა მასზეა”, – ამბობს ის.
პაატა ამბობს, რომ ხეზე მუშაობა შრომარევადია, რადგან თოთოეულ დეტალზე ხელით უწევს მუშობა.
“ხელით ვამუშავებ ყველაფერს, ვაძლევ ფორმას და გამომყავს სასურველი ნივთი. შრომატევადი არის, უნდა დაიწყო პატარა კუნძიდან და დაამუშავო. თუ მასალა ნედლია, ნახევარს რომ დაამუშავებ, უნდა დაალაგო ისეთ ადგილას, რომ მზე არ უყურებდეს, რომ არ გახმეს და გამოშრეს, არც ნესტი არ აიღოს. ჩემს ნამუშევრებს ხშირად ვჩუქნი ახლობლებს. არის ისეთი ნივთები, რომლებსაც არ ვყიდი და მხოლოდ საჩუქრად ვაკეთებ”, – ამბობს პაატა.
პაატამ თავისი ცოდნა სხვებსაც გაუზიარა. ამბობს, რომ ახლა ისინი დამოუკიდებლად მუშაობენ.