ახალი ამბები

ხაშურში ტატო გრიგალაშვილის ბანერის დადგმას ითხოვენ

ხაშურში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, მოჭიდავე ტატო გრიგალაშვილის ბანერის დადგმას ითხოვენ.

გასულ კვირას ხაშურის ცენტრში ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონის ლუკა მაისურაძის ბანერი დაიდგა, რის შემდეგაც მოქალაქეები წერენ, რომ ქალაქში გრიგალაშვილის ბანერიც უნდა იყოს.

“აუცილებლად უნდა იყოს ტატოს ბანერიც, ერთგვარი დაფასებაა იმ ქალაქის მხრიდან, სადაც დაიბადა და გაიზარდა, რა დისკრიმინაციაა, დარწმუნებული ვარ, თუნდაც ერთ ბანერზეც დაეტეოდნენ, სირცხვილია”, – აღნიშნავს ერთ-ერთი მოქალაქე ქეთევან ჭანკოტაძე.

მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ ხაშურის მერიამ ტატო გრიგალაშვილის ფოტო ბანერზე არც წინა წლებში დაიტანა. 

“წინა ბანერზეც იყო უკმაყოფილება, ტატო რომ არ ჩანდა, ხოდა ახლაც იგივე გაიმეორეს, მითუმეტეს ეს ბიჭები მეგობრობენ, მინიმუმ უხერხულია და მაქსიმუმ სითავხედე”, – ამბობს ირინე გუგბერიძე.

“ტატო არაჩვეულებრივი ადამიანია და დამსახურებულად მიაღწია ამ ტიტულს, მაგრამ ხაშურში სჩვევიათ ასეთი გულისატკენი საქციელი, აქ ვიღაცით და რაღაცით უნდა გაღიარონ, ბოლომდე რომ წარმოგაჩინონ. მე პირადად ლუკასაც დიდ პატივს ვცემ და მეამაყება მისი მიღწევა,მაგრამ არ არის ლამაზი ასეთი საქციელი. ამ ეტაპზე ეს არ უნდა შეშლოდათ,დიდი იმედია გამოასწორებენ”, – აღნიშნავს ირმა ხორბალაძე.

მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ტატო გრიგალაშვილის ბანერი ხაშურში აუცილებლად უნდა დაიდგას, იმის მიუხედავად, რომ ის ამჟამად ქარელში ვარჯიშობს. 

“ტატო გრიგალაშვილის და ლუკა მაისურაძის ბანერი ერთად უნდა კაშკაშებდეს. ორი მსოფლიოს ჩემპიონი გვყავს ხაშურს და არ შეიძლება ასე გამორჩევა, რა მნიშვნელობა აქვს ქარელის სპორტ სკოლაში რომ ირიცხება, ნაღდი ხაშურელია და ტატოს ბანერი აუცილებლად უნდა იყოს ხაშურშიც და ქარელშიც”,- ფიქრობს ნოდარ კიკნაძე. 

ამავე თემაზე: ხაშურში დგას ეკრანი, რომელზეც მაისურაძის და გრიგალაშვილის ვიდეოები გადის – მერია 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი