ადამიანები ისტორიები

“თავისუფლება ჩემთვის სიყვარულია” – 26 წლის კერამიკოსი 26 მაისის გამოფენა-გაყიდვიდან

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც გორის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა, 26 წლის გვანცა იმერლიშვილს საკუთარი ნამუშევრები ჰქონდა გამოტანილი. გვანცა პროფესიით მხატვარია და რამდენიმე წელია კერამიკის ტექნიკას ეუფლება.

სხვადასხვა ქართული ორნამენტებით გაფორმებული დოქები, თასები და თეფშები სპეციალურად დღევანდელი დღისთვის შეარჩია.

“სამშობლო ჩემი იდენტობის განმსაზღვრელია, როდესაც რამე ხელნაკეთს ვქმნი, ვცდილობ, რომ ქართული ორნამენტებით დავტვირთო, ანბანი დავახატო, ან რაიმე ქართული ორნამენტით გავაფორმო. განა ვინმე მეუბნება, უბრალოდ ჩემშია და ვაკეთებ”, – ამბობს გვანცა.

გვანცა ნივთებს კერამიკისგან ამზადებს. ამ საქმით 1 წლის წინ დაინტერესდა და ამ პერიოდში უამრავი კერამიკული ნამუშევარი შექმნა.

“ვაკეთებ სხვადასხვა ნივთებს, ფინჯნებს, თეფშებს, ჩაიდანებს, გულსაბნევებს. ეს არის ძალიან შრომატევადი საქმე. გამოძერწვა, გაშრობა, პირველადი გამოწვა, მოხატვა-მოჭიქურება და შემდეგ მეორე გამოწვა. დაახლოებით ორი კვირის პროცესია, ერთი ფინჯანი რომ მივიღოთ”, – გვიყვება გვანცა.

გვანცა ფიქრობს, რომ კერამიკაზე მუშაობა ადამიანს სხვადასხვა უნარებს უვითარებს, მათ შორის კრეატიულ აზროვნებას.

“საწყის ეტაპზეთულია, ჩარხის შესწავლას დრო სჭირდება, თორემ ძერწვის პროცესი სასიამოვნოა. პირველ რიგში, რაც კერამიკას ახასიათებს, ეს არის რელაქსაციის უნარი, გამშვიდებს და კრეატიულ აზროვნებას ავითარებს, სულ ექსპერიმენტებში ხარ და ცდილობ ახალი და საინტერესო გააკეთო”, – აღნიშნავს ის.

გვანცა ამბობს, რომ დღევანდელ დღეს ყოველთვის განსაკუთრებული ემოციებით ხვდება და თავისუფლების და სიყვარულის განცდას ორმაგად განიცდის.

“თავისუფლება ჩემთვის სიყვარულია, ნებისმიერი საქმის მიმართ, რომელსც არ გიზღუდავენ. ეს სიყვარული უნდა გამოიხატებოდეს ყველაფერში და საქმეში პირველ რიგში”.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.