“არ მესმის, ეროვნულ დღესასწაულზე ევროკავშირის დროშა რატომ უნდა იყოს?!” – ასე პასუხობს გორის საკრებულოს თავმჯდომარე იმ მოქალაქეებს, რომლებიც ხელისუფლებას ევროპული კურსის გადახვევაში ადანაშაულებენ და ამის დასტურად, წლევანდელი 26 მაისის სამზადისი და პროგრამა მოჰყავთ.
“მე შარშანაც არ ვყოფილვარ არც წინააღმდეგი და არც მომხრე, რომ დროშა გადმოეფინათ. საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი და რატომ უნდა იყოს ეს დროშა ეროვნულ დღესასწაულზე? შარშან იყო, მაგრამ იმის მერე ერთი წელი გავიდა. ეგ ევროკავშირი არ იყო, საგმირო საქმე რომ გააკეთო და ჩვენი ქვეყანა მიატოვა? ევროკავშირის დღეები როცა იქნება, მაშინ გამოიფინება დროშაც და იქნება ჰიმნიც”, – გვითხრა დავით რაზმაძემ.
ინფორმაციისთვის, წინა წლისგან განსხვავებით, ამ დროისთვის გორის ადმინისტრაციულ შენობაზე წელს ევროკავშირის დროშა აღარ გადმოფინეს. ევროკავშირის დროშებს ვერც ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ვხედავთ და როგორც, მერიის 26 მაისის პროგრამიდან ვიგებთ, წელს აღარც ევროკავშირის ჰიმნი შესრულდება.