კასპში მცხოვრები ლალი ხარაიშვილი 25 წელზე მეტია სპორტულ სკოლაში კალათბურთის მწვრთნელად მუშაობს. ის წლების განმავლობაში პროფესიონალურ ფეხბურთს და კალათბურთს თამაშობდა, იყო ნაკრების წევრი.
“ჩემი სპორტული მოღვაწეობა გორიდან დაიწყო. 10 წლის ვიყავი, მშობლებს ცეკვაზე დავყავდი. ჩემი სურვილით გამოვიპარე ცეკვიდან, ავიღე ბურთი და დავიწყე თამაში. მშობლები იქამდე იხდიდნენ ცეკვის ფულს, ვიდრე მასწავლებელმა არ უთხრა, რომ აღარ დავდიოდი. ისეთი ნაბიჯები და სროლები მქონდა, გეგონება დედის მუცლიდან დამყვა ამ სპორტის სიყვარული და ნიჭი. ჩემი პირველი მასწავლებელი ვერა შავშიშვილი იყო. ყველაფერი ჩემი პედაგოგისგან ვისწავლე. დაგვაყენებდა ხოლმე მოგვცემდა სასტვენს და გვეტყოდა, ლალი დღეს შენ უნდა ჩაატარო ვარჯიში, უნდა იმსაჯო. ყველაფერი პროფესიონალურ დონეზე გვასწავლა”, – იხსენებს ლალი.
ლალი კალათბურთთან ერთად ფეხბურთსაც თამაშობდა. ამბობს, რომ იმ პერიოდში ქალთა ფეხბურთი ფეხს იკიდებდა და საკმაოდ კარგი შედეგები და ხელშეწყობა ჰქონდათ.
“1985 წელს ქალთა ფეხბურთიც ნათამაშები მაქვს და საქართველოს ჩემპიონებიც გავხდით. მე ისეთ პერიოდში ვთამაშობდი, როცა ფეხბურთი ფეხს იკიდებდა და თამაშზე დასასწრები ბილეთები იყიდებოდა ხოლმე. ყველაზე დიდი გულშემატკივასრი მამა იყო. ერთხელ მამამ დედაც ჩამოიყვანა, ფოთს ვეთამაშებოდით და ისეთი მომენტი იყო, ბურთს ფეხი დავარტი და კარებში ბურთთან ერთად შევგორდი, დედაჩემი ტრიბუნებზე გადავარდნილა ამის დანახვაზე, ეს ვეღარ ადგებაო. პირველ რიგში, ოჯახი მიდგა გვერდით და საერთოდ არ აკეთებდნენ იმაზე აქცენტს, რომ მე გოგო ვიყავი და კალათბურთს და ფეხბურთს ვთამაშობდი”.
ლალი ახლა სამწვრთნელო მოღვაწეობას ეწევა. კალათბურთში ავარჯიშებს, როგორც გოგოებს, ასევე ბიჭებს. მისივე სიტყვებით, მის მოსწავლეებს პატარ-პატარა მიღწევებიც აქვთ.
“მე რაც ვიცი და რასაც ჩემს მოსწავლეებს ვუზიარებ, ყველაფერში ჩემს მასწავლებელს ვბაძავ და მეც ზუსტად ასე ვწვრთნი ახალგაზრდებს. ვერა მასწავლებელთან ერთად, უნივერსიადები მითამაშია. მეც ვცდილობ ახლოს ვიყო ჩემს ბავშვებთან. ბიჭები ჯუნიორებზე მყავდა გაყვანილი, ფლეიოფამდე გავედით, ეს რა მიღწევა იყო, ხომ წარმოგიდგენიათ?! ფოიეში რომ შევდიოდით, ამბობდნენ. კასპი მოვიდა, კასპიო”, – გვიყვება ხარაიშვილი.
ლალი ხარაიშვილი ახლა 57 წლისაა, სპორტის გარდა მას სამედიცინო სასწავლებელი აქვს დამთავრებული წითელ დიპლომზე და 30 წელზე მეტია მედდად მუშაობს.