ახალი ამბები

იგეგმება სახურავის და ფლიგელის რეაბილიტაციაც – ხაშურის მერია კულტურის სახლის ახალ პროექტზე

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია კულტურის სახლის რეაბილიტაციის ახალ პროექტზე ინფორმაციას ავრცელებს. 

უწყება განმარტავს, რომ კომპანიამ, რომელსაც შენობის რეაბილიტაცია უნდა მოეხდინა, ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც მასთან ხელშეკრულება შეწყდა და სამუშაოები გაჭიანურდა.  უწყების ცნობით, ახალი ტენდერით გათვალისწინებულია სახურავისა და მარჯვენა ფლიგელის რეაბილიტაციაც, რაც წინა ხელშეკრულების დროს გათვალისწინებული არ იყო. 

“სამწუხაროდ, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყდა განსაზღვრული პირობების არაჯეროვნად შესრულების გამო. კერძოდ, კომპანიამ ვერ უზრუნველყო დათქმულ ვადებში სამუშაოების წარმოება. მათ შორის, ვერ მოესწრო აკუსტიკური პანელების გაკვრა, რაც პროექტით იმთავითვე იყო გათვალისწინებული”, – აცხადებენ უწყებაში. 

ხაშურის მერიის განმარტებით, კომპანია „ინშაათ საქართველოს“ შეუსრულებელ სამუშაოზე არ მიუღია არავითარი ანაზღაურება და დაკისრებული აქვს პირგასამტეხლოც 401 850 ლარის ოდენობით.

“პირგასამტეხლოს ანაზღაურებამდე მუნიციპალიტეტს შეჩერებული აქვს კომპანიის კუთვნილი 204 175 ლარის გადარიცხვა. საკითხს განიხილავს სასამართლო და საბოლოო გადაწყვეტილებაზე სწორედ ეს უწყება იმსჯელებს. ამასთან, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ ჩატარდა შესრულებული სამუშაოების ინვენტარიზაცია და მუნიციპალიტეტმა ხელახალი ტენდერი გამოაცხადა ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით”, – განმარტავენ ხაშურის მერიაში. 

დატოვეთ კომენტარი