კასპში მცხოვრებმა ნინო ქენქაძემ თექის ნამუშევრების შექმნა დაახლოებით 23 წლის წინ დაიწყო. მაშინ ნინო მცირეწლოვან შვილებს ზრდიდა და თავის შესაქცევად ხელსაქმით დაინტერესდა.
“მცირეწლოვანი შვილები მყავდა და მათ ვზრდიდი, მაგრამ რაღაცნაირი შემოქმედებითი შიმშილი მქონდა და მინდოდა რაღაც მეკეთებინა. 2000 წლიდან დავინტერესდი თექით, პირველად ჩემი შვილებისთვის ფაჩუჩებს, ქუდებს, ჟილეტებს ვაკეთებდი. უფრო ტანსაცმელზე მქონდა აქცენტი გაკეთებული, შემდეგ უკვე გამოფენებზე, რომ გავიტანე ჩემი ნაწარმი და მივხვდი, რომ ამით შეიძლებოდა ფინანსური სარგებელიც მქონოდა, ამან მეტი მოტივაცია მომცა”.
ნინომ თექაზე მუშაობა დამოუკიდებლად ისწავლა. ამბობს რომ, როდესაც ნამუშევრებს ხედავს, საკუთარი შემოქმედებით გაკვირვებულია, რადგან ყველაფერი დახმარების გარეშე შეძლო.
“მე არც მხატვარი ვარ და არც ამ საქმის მცოდნე, თავად ვისწავლე და დავიწყე ნამუშევრების შექმნა. ის, რაც გიყვარს არ გერთულება. მე თვითონ ისეთი გაოცებული ვარ ხოლმე, ნამუშევარს რომ ვნახულობ, გადაჭარბება არ მინდა გამოვიდეს, მაგრამ საკუთარი შემოქმედება მაოცებს, როგორ გამოვიდა, ან მე, რომელმაც საერთოდ არ ვიცოდი ეს საქმე, როგორ შევქმნენი. თუ სადმე წავედი და ლამაზი სანახაობა ვნახე გადმომაქვს ჩემს ნამუშევრებში. ასე იყო უშგულში მოგზაურობა, იქ ნანახი თექაზე გადმოვიტანე”.
ნინოს შექმნილი აქვს თამარ მეფის პორტრეტი. სამომავლოდ სურს, რომ დავითის და შოთა რუსთაველის პოსტრეტებიც შექმნას.
“შეკვეთაზე მუშაობა არ მიყვარს. როცა თავისუფალი ვარ კეთების პრცესში, უფრო ლამაზი ნამუშევრები იქმნება. როცა მიკვეთავენ პასუხისმგებლობის გრძნობა ხელს მიშლის, იმიტომ, რომ ზუსტად ის მინდა და იმის გარშემო ვტრიალებ, ამიტომ მე თავისუფალი ვეღარ ვარ. თამარ მეფეზე ბევრი ვიფიქრე, ბევრი ფენა დამჭირდა სახის ფერი რომ დამესვა, ზუსტად ისეთი, როგორიც ახლაა. მომავალში დავითი და შოთა რუსთაველის პორტრეტების გაკეთებას ვგეგმავ, ძალიან მინდა ჩემ წინაპრებს ასე მოვეფერო, როგორც შემიძლია”.
ნინოს ნამუშევრების შეძენით ძირითადად უცხოელი ტურისტიბი ინტერესდებიან და შეკვეთებიც ძირითადად მათგან აქვს.
“ვცდილობ, ყველა გამოფენაზე გავიდე და მივიღო მონაწილეობა. ჩემი ნამუშევრებით უფრო უცხოელები ინტერესდებიან და თუ რამე მოსწონთ, ძირითადად ისინი მთხოვენ გავუკეთო. ქართველები ნაკლებად ყიდულობენ, რადგან ეძვირებათ, მაგრამ რომ იცოდნენ, რამდენი დრო და ენერგია მჭირდება, ალბათ ასეთი დამოკიდებულება არ იქნებოდა. თუმცა თავისუფლად ვამბობ, რომ ამ ეტაპზე ჩემი შემოსავლის წყარო თექის ნამუშევრებიდან შემოსული თანხაა”.
ნინო კასპში მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში თექაზე მუშაობას ასწავლის. ამბობს, რომ ბავშვებთან ერთად ზრდასრულებიც ჰყავს, ვისაც თექაზე მუშაობა აინტერესებს. მისი მოსწავლეები უკვე დამოუკიდებლად ქმნიან ნამუშევრებს და გამოფენებზეც გადიან.