გორში 4 წლის ბავშვის გარდაცვალების შესახებ, მთელი დღეა, სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან განმარტებები კეთდება. მკურნალობაში ჩართული მხარეები მომხდარში საკუთარ დანაშაულს ვერ ხედავენ. სამედიცინო სფეროს მონიტორინგზე პასუხისმგებელი უწყებები კი ამბობენ, რომ გარდაცვალების მიზეზებს მოკვლევით დაადგენენ.
ბავშვის მკურნალობაში ჩართული მხარეებისგან ვიგებთ, რომ 4 წლის ბიჭი ჯერ მკურნალი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყო. ექიმი ამბობს, რომ კომუნიკაცია ბავშვის დედასთან ჰქონდა, რის შემდეგაც პაციენტი, პირადად 16 მაისს, დილით ნახა.
“იყო გაუმჯობესებულ მდგომარეობაში გამონაყარი იყო ჭარბი, მაგრამ ალაგების ეტაპზე. ფილტვებში მოვუსმინე, გულის სუნთქვა ნორმალური იყო, ფილტვები ნორმალური იყო, ბავშვი აქტიური და ადეკვაქტური იყო. ცუდად რომ ყოფილიყო, ბავშვს ბინაზე არ გავაჩერებდი”, – ამბობს ექიმი ნანა ნინიაშვილი.
გარდაცვლილი ბიჭის ოჯახი ამბობს, რომ მკურნალი ექიმმა ბავშვს მალამოები დაუნიშნა, თუმცა დამატებითი ანალიზების გაკეთება საჭიროდ არ ჩათვალა.
“იმ მალამომ არ უშველა, ქავილი ისევ ჰქონდა, დავურეკეთ და შეუცვალა სხვა მალამოთი. მერე დავურეკეთ, რომ კუნთი გაუმაგრდა და დაუსივდა, თურმე სეფსის სცოდნია ასე და ექიმს ეს არ უნდა ეთქვა? მეორე დღეს მაღალი სიცხეები ჰქონდა. ექიმს რომ დავურეკეთ, ხვალ დილით მოიყვანეთ და ინფექსციურში გავწერთ თბილისშიო, მაგრამ გათენებამდე ვეღარ გავძელით, ბავშვი ამბობდა ვერ ვსუნთქავო”.
ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა და როგორც “გორმედში” ამბობენ, 4 წლის ბიჭი კლინიკაში 17 მაისს, გამთენიისას შეიყვანეს.
“პაციენტი კლინიკაში შემოყვანილ იქნა 17 მაისს, ღამის 3 საათსა და 50 წთ-ზე. მორიგი ექიმის მიერ ვერიფიციერებული იქნა ჩუტყვავილის დიაგნოზი. პაციენტზე შეთავაზებული იყო მკურნალობის სქემა, საჭირო იყო მისი სტაციონარში მოთავსება”, – განმარტა პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა ლია ლაზარაძემ.
ლაზარაძის თქმით, “გორმედში” დარჩენაზე უარი მშობლებმა თქვეს და ბავშვი კლინიკიდან წაიყვანეს. ლაზარაძის სიტყვებით, კლინიკას ამის დადასტურება შესაბამისი ოქმითაც შეუძლია.
ოჯახის თქმით, სწორედ ბიურაკრატიულ პროცედურებზე კონცენტრირება და პაციენტის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება გახდა, 4 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი.
“ვეუბნები, ჩქარა ცუდად არის, ან გადასხმა გაუკეთეთ ან რამე -მეთქი და ჯერ ისტორია უნდა შევავსოო. რა დროს ისტორიაა, ბავშვი კვდება-მეთქი. მაშინ თბილისიდან გამოვიძახოთ სასწრაფოო, ოღონდ ჯერ საბუთები უნდა შევავსოთო, მერე დავურეკოთო”, – იხსენებს ბავშვის ბებია.
მისი თქმით, ექიმების გულგრილობის გამო, ბავშვის თბილისში წაყვანა საკუთარი ძალებით სცადეს.
“გზაში პატრული დავინახეთ, ჩემმა შვილიშვილმა სთხოვა მიგვაყვანინეთ სწრაფად ბავშვი საავადმყოფომდეო, ამ დროს ბავშვმა უკვე გონება დაკარგა, პატრულმა ბავშვი თავის მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს, ახლოს ვიყავით საავადმყოფოსთან, პატრულმა საავადმყოფოს კარი ლამის შეანგრია ისე შეიყვანა ბავშვი, მაგრამ უკვე გული ჰქონდა გაჩერებული”, – ამბობს ბავშვის ბებია.
ოჯახი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს – ამბობენ, რომ 4 წლის ბიჭის გარდაცვლების მიზეზი არასწორი და დაგვიანებული მკურნალობა გახდა.
საკითხის მოკვლევა, გარდაცვალების მიზეზების და პასუხისმგებელები პირების გამოვლენა უკვე დაანონსდა ჯერ გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისგან, მოგვიანებით კი სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსგან.
ამავე თემაზე: სამედიცინო რეგულირების სააგენტო გორში ბავშვის გარდაცვალების საქმეს იკვლევს
ამავე თემაზე: გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი 4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეს იკვლევს
გარდაცვალების მიზეზებზე დღეს კომენტარი ოჯახის მკურნალმა ექიმმაც გამოთქვა. მისი ვარაუდით, პატარა ბიჭს სავარაუდოდ ჩუტყვავილას შეტევა მეორე ეტაპად განუვითარდა.
“არსებობს ასეთი შემთხვევა, როდესაც ვითარდება მეორე ტალღა და ვფიქრობ, რომ ეგ მოხდა ახლაც. ამ დროს, ადამიანს გამონაყარი უვითარდება ორგანიზმში და ეს იწვევს სეპტიურ შოკს”, – აღნიშნა ექიმმა.
თუმცა ფაქტია, რომ შესაძლო გართულებების პრევენცია ექიმის მხრიდან არ მომხდარა. ცნობილია ისიც, რომ ბავშვს ალერგიული ასთმა ჰქონდა, ალერგოლოგ-იმუნოლოგთან მკურნალობდა და ამას ოჯახი მკურნალობაში ჩართულ ადამიანებს ეუბნებოდა.