სტატიები

გორის ბაღების სააგენტო ერთი წელია 3 ბაღს “უახლოეს მომავალში” ხსნის

მეღვრეკისი, მეჯვრისხევი და ხელთუბანში აშენებული საბავშვო ბაღები უახლოეს მომავალში გაიხსნება, – კიდევ ერთხელ განაცხადეს გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში. 

იგივე პასუხი ჰქონდათ სააგენტოში რამდენიმე თვის წინაც. “მოზაიკამ” აღნიშნულ საკითხზე მასალა რამდენჯერმე მოამზადა. მაგალითად, გასული წლის აგვისტოში, სააგენტო ამბობდა, რომ მეჯვრისხევში ბაღს სექტემბერში გახსნიდა.

“სექტემბერში ვერ ესწრება, სავარაუდოდ ოქტომბერში შევძლებთ გახსნას”, – ამბობდნენ 9 თვის წინ სააგენტოში. 

სააგენტომ წლის შემაჯამებელი ანგარშიც ასახა აშენებული საბავშვო ბაღები, რომლებიც ინვენტარისა და შესაბამისი აღჭურვილობის შეტანის შემდეგ, მალე გაიხსნებოდა. 

“დამთავრდა  სოფელ მეჯვრისხევის, სოფელ ხელთუბნის  და სოფელ მეღვრეკისის ბაღების მშენებლობა. ამჟამად მიმდინარეობს ამ საბავშვო ბაღების აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინვენტარით: ავეჯით, ჭურჭელით, ტექნიკით, სათამაშოებით და სხვადასხვა აუცილებელი ინვენტარით და ნივთებით”, – ეწერა ანგარიშში.

ამ ანგარიშიდან 7 თვის შემდეგ ამ ბაღებიდან არც ერთი შენობა არ გახსნილა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, რადგან კონკრეტულ პასუხს სააგენტოს ამ დრომდე არ გაუცია. 

ამავე თემაზე: როდის გაიხსნება გორის #3, მეჯვრისხევის, მეღვრეკისის და ხელთუბნის საბავშო ბაღები?

ამავე თემაზე: მეჯვრისხევში საბავშვო ბაღის ახალი შენობა ოქტომბერში გაიხსნება 

რა დაჯდა ბაღების მშენებლობა?

მეჯვრისხევისა და მეღვრეკისის საბავშვო ბაღების მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდმა დააფინანსა და სამუშაშაებისთვის 6 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

რაც შეეხება ხელთუბნის საბავშვო ბაღს, გორის მერიის ცნობით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ძველ შენობას, რომელშიც ათეული წლების წინ ფუნქციონირებდა სააღმზრდელო დაწესებულება. სამუშაოებისთვის 900 000 ლარამდე დაიხარჯა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.