ავტორი: ალექსი მერებაშვილი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი
2017 წლიდან ამოქმედებულმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონმა განამტკიცა საჯარო მოხელეების შრომითი უფლებები. კანონი პირდაპირ მიუთითებს, რომ საჯარო სამსახური უნდა იყოს სტაბილური, კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული. აღნიშნული გულისხმობს, რომ საკადრო გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იქნეს ყოველგვარი მიკერძოების, მათ შორის პოლიტიკური მიკერძოების გარეშე.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს არის საჯარო მოხელეთათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. საჯარო მოსამსახურე თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს კანონში მითითებული კონკრეტული საფუძვლით და ეს გათავისუფლება უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც ფაქტობრივი გარემოებებით, ისე შესაბამისი სამართლებრივი არგუმენტაციით.
საჯარო სამსახურის ხელმძღვანელები ხშირად იღებენ მიკერძოებულ საკადრო გადაწყვეტილებებს. ისინი თანამდებობაზე დანიშვნისთანავე ცდილობენ მათ ქვემდებარე სამსახურში აიყვანონ საკუთარი ნდობით აღჭურვილი პირები და სამსახურიდან გაუშვან უკვე დასაქმებული მოხელეები, მიუხედავად მათი კომპეტენციისა თუ გამოცდილებისა. როგორც წესი, ბრძანებაში ეთითება გათავისუფლების საფუძველი, თუმცა ეს საფუძველი ვერ არის ხოლმე დასაბუთებული.
ძირითადი მექანიზმები, რომლებსაც არაკეთილსინდისიერი ხელმძღვანელები მათთვის არასასურველი თანამშრომლების გასათავისუფლებლად მიმართავენ, არის რეორგანიზაცია და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება.
რამდენადაც, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ხელმძღვანელობას იმიზეზებს, თითქოს სწორედ ამ მიზნით აცხადებენ რეორგანიზაციას და შემდეგ აუქმებენ იმ საშტატო ერთეულებს, რომლებზეც დასაქმებულები არიან მათთვის მიუღებელი თანამშრომლები.
გარდა რეორგანიზაციისა, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან და ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია მოხელე გათავისუფლდეს სამსახურიდან.
მაგალითები გორის მერიაში ჩატარებული რეორგანიზაციიდან
მაგალითად, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ყველა რეორგანიზაცია ჩატარდა ძირითადად კადრების ოპტიმიზაციისა და საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვის მოტივაციით (თუ არ ჩავთვლით მუნიციპალიტეტების გაყოფა-გაერთიანების შემთხვევებს), თუმცა ყოველ ჯერზე, რეორგანიზაციიდან ცოტა ხანში ვიღებდით უფრო მეტ სახელფასო ხარჯს და ხშირად გაზრდილი ოდენობით აყვანილ კადრსაც კი. გათავისუფლებული თანამშრომლების მიერ დაწყებული სამართლებრივი დავები და შედეგები კი ყოველთვის ცხადყოფდნენ, რომ რეორგანიზაცია ფორმალურად თითქოს შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს, მაგრამ კონკრეტული თანამშრომლის გათავისუფლებას სასამართლო მაინც უკანონოდ მიიჩნევდა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიაში 2022 წლის სექტემბრის თვეში დასრულებული რეორგანიზაციაც, ერთი შეხედვით, ემსახურებოდა კეთილშობილურ მიზნებს, თუმცა რეალურ მიზეზებს ამ რეორგანიზაციისა დავინახავთ თითოეული გათავისუფლებული თანამშრომლის საქმის შესწავლისას.
მაგალითად, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმოებაშია რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლებული ი.გ.-ს საქმე. სასამართლოში მერიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან აშკარად იკვთება მიკერძოებული გადაწყვეტილება მითითებული მოხელისადმი. მიუხედავად მის მიმართ გაკეთებული საუკეთესო შეფასებებისა და შრომის სტაჟისა, სხვა თანამშრომლის შრომითი სტაჟი იმგვარად იქნა დაანგარიშებული, რომ ჯამში მეტი გამოსულიყო ი.გ.-ს სტაჟზე, მაშინ, როდესაც ი.გ.-ს გაცილებით დიდი ხნის სამუშაო გამოცდილება ჰქონდა გორის მერიაში. ამასთან, ობიექტურად არ იქნა შესწავლილი კონკურენტი მოხელეების შეფასებები და მათ მიერ შესრულებული სამუშაო.
განხორციელებული რეორგანიზაციის უკანონობა დაადასტურა მერიის სხვა თანამშრომლის საქმეზე სასმართლოს მიერ უკვე მიღებულმა გადაწყვეტილებამ, როლითაც უკანონოდ იქნა ცნობილი გათავისუფლების ბრძანება.
ნიშანდობლივია, რომ რეორგანიზაციის შემდეგ, გორის მერიამ მოკლე დროში რამდენჯერმე მიმართა საკრებულოს შტატის დამატებისა თუ ხელშეკრულებით თანამშრომლის აყვანის მოთხოვნით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეორგანიზაციის მიზანი არ იყო საკადრო ოპტიმიზაცია.
მაგალითები გორის მერიის ა(ა)იპ-ებიდან
კიდევ უარესი ვითარება გვაქვს გორის მერიას დაქვემდებარებულ ააიპ-ებში. აქ ხშირად მითითება ხდება ხოლმე ხელშეკრულების ვადის ამოწურვაზე, მაშინ როდესაც კანონი ამბობს, რომ 30 თვეზე მეტი ხნით არსებული შრომითი ურთიერთობა უკვე ითვლება უვადო შრომით ურთიერთობად.
ამასთან, ხდება იმ ადამიანების სამსახურიდან გაშვება, რომლებიც რეალურად უფრო მეტს და ეფექტურად მუშაობენ, ვიდრე სხვა პირები, თუმცა მიკერძოებული დამოკიდებულებებისა და ე.წ. „მფარველების“ არარსებობის გამო, ისინი ხდებიან მსხვერპლები.
ასე მაგალითად, ისევ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმოებაში არსებულ საქმეს თუ განვიხილავთ, დ.გ. გორის მერიის შიდა აუდიტის დასკვნის მიხედვით, აკეთებდა გაცილებით მეტ საქმეს, ვიდრე ეს გეგმით იყო გათვალისწინებული, თუმცა ის მაინც გაათავისუფლეს სამსახურიდან. გორის ერთ-ერთ ააიპ-ში მოხდა საბავშვო ბიბლიოთეკის შერწყმა სხვა ბიბლიოთეკასთან იმ მოტივით, თითქოს გორის მერიის შიდა აუდიტის დასკვნაში იყო ამის მოთხოვნა. სინამდვილეში, აუდიტის დასკვნაში მითითებული იყო, რომ საბავშვო ბიბლიოთეკას ესაჭიროებოდა მეტი მხარდაჭერა, მათ შორის წიგნადი ფონდით, საოფისე ტექნიკითა და ავეჯით. ეს მხარდაჭერა ააიპ-მა გამოხატა მისი ფაქტიურად გაუქმებით და ხელმძღვანელის სახლში გაშვებით. იქიდან გამომდინარე, რომ რეორგანიზაცია განხორციელდა რეორგანიზაციის გარეშე, უკანონოდ გათავისუფლებული დ.გ.-ს საქმეს სასამართლოში წარმატებით დასრულების დიდი პერსპექტივა გააჩნია.
დისციპლინური დევნის მაგალითები
რაც შეეხება დისციპლინური დევნის საშუალებით თანამშრომელთა გათავისუფლებას, იგი გამოიყენება ძირითადად იმ მოხელეთა მიმართ, რომლებიც თავდაპირველად მიიჩნეოდნენ ერთგულ, ლოიალურ თანამშრომლებად, თუმცა უეცრად შეიცვალა მათ მიმართ დამოკიდებულება სხვადასხვა გარემო-ფაქტორების გამო.
ასე მაგალითად, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ იცავდა ო.ხ.-ს, რომელიც მხოლოდ იმის გამო იქნა მერიიდან გათავისუფლებული, რომ მან ინტერვიუ ჩაწერა ერთ-ერთ ოპოზიციურად განწყობილ ტელეარხთან მის მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნის ფაქტზე. გიორგი გახარიას მიერ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ დატოვების შემდეგ მას მიიჩნევდნენ ამ პარტიის მხარდამჭერად და აიძულებდნენ თავად დაეტოვებინა სამსახური, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. შედეგად, მისი ინტერვიუ შეფასდა, როგორც მძიმე დისციპლინური გადაცდომა და გაათავისუფლეს სამსახურიდან. სასამართლომ ო.ხ.-ს სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია და მერიას მოუწია სოლიდური თანხის გადახდა მისთვის.
ანალოგიური ვითარებაა ამჟამად „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმოებაში არსებულ დ.ჭ.-ს საქმეზეც. მას შემდეგ, რაც დ.ჭ.-მ საჯაროდ დაიწყო მმართველი პარტიის კრიტიკა იმის გამო, რომ სამართლიანობის აღდგენა ხდებოდა შერჩევითად, იგი რამდენჯერმე იქნა გაფრთხილებული, რომ თავი შეეკავებინა პოზიციების საჯაროდ დაფიქსირებისაგან. მათ შორის გაფრთხილება მიიღო საჯაროდ, სოციალური ქსელის საშუალებით გორის მერის ერთ-ერთი მოადგილისგანაც. გაფრთხილების გაუთვალისწინებლობის გამო, დ.ჭ.-ს დაუწყეს დისციპლინური დევნა სამსახურებრივი უფლებამოსილების არასათანადოდ შესრულების ფაქტზე, თუმცა თავადვე მოუწია მერიას შეეწყვიტა ეს საქმე. ამის შემდეგ, ო.ხ.-ს მსგავსად მასაც მოსთხოვეს თავად დაეწერა განცხადება და წასულიყო სამსახურიდან, რაზეც მიიღეს კატეგორიული უარი. შედეგად, შემოსავლების სამსახურში არსებული უმოქმედო ინდ.მეწარმის სტატუსის გამო, ჩათვალეს რომ იგი ეწეოდა შეუთავსებელ საქმიანობას და ისე გაათავისუფლეს სამსახურიდან, რომ შესვენებაზე გასული აღარ შეუშვეს საკუთარ სამუშაო ოთახში.
აქვე, უნდა აღვნიშნოთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის ყოფილ მერს კონსტანტინე თავზარაშვილს სასამართლოს მიერ დაუდგინდა თანამდებობასთან შეუთავსებელი პოზიციის დაკავების ფაქტი, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის ბოლომდე მიეყვანა უფლებამოსილების ვადა.
დ.ჭ.-ს საქმეზე გორის მერიას წარმოდგენილი აქვს მხოლოდ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება. ეს ადასტურებს, რომ მერიას არ შეუსწავლია ნამდვილად ეწეოდა თუ არა დ.ჭ. შეუთავსებელ საქმიანობას და გათავისუფლების გადაწყვეტილება მიღებული იქნა კონკრეტული პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე. ამ საქმესაც წარმატების დიდი პერსპექტია აქვს სასამართლოში და გორის მერიას დიდი ალბათობით მოუწევს კვლავ სოლიდური თანხის გადახდა უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლისათვის.
კონკრეტული თანამდებობის პირების მიკერძოებული გადაწყვეტილებების გამო უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეების სასარგებლოდ სასამართლოს მიერ დაკისრებული დიდი ფულადი თანხების გადახდა არ ხდება უკანონო გადაწყვეტილებების ავტორების მიერ საკუთარი ჯიბიდან. ამ თანხის გადახდა გვიწევს თითოეულ ჩვენგანს ჩვენი საერთო თანხიდან – ბიუჯეტიდან.
შესაბამისად, ხელმძღვანელი პირები რჩებიან რა პასუხისმგებლობის გარეშე, აგრძელებენ უკანონო გათავისუფლებების სერიას და ბიუჯეტისათვის ზიანის მიყენებას.
სად უნდა ვეძებოთ გამოსავალი?
მართალია, სამოქალაქო კოდექსი იცნობს განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მიერ სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულ პასუხისმგებლობას, თუმცა პრაქტიკაში ძალიან რთულია მოხელის მხრიდან უკანონო გადაწყვეტილების მიღებისას განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დადგენა. სასამართლოც ერიდება უკანონოდ მიღებული გადაწყვეტილების ავტორისათვის მატერიალური პასუხისმგებლობის დაკისრების პრაქტიკის დამკვიდრებას, რადგან ამ შემთხვევაში მივიღებთ მეორე უკიდურესობას, როდესაც მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შიშით ხელმძღვანელი პირები საერთოდ უარს იტყვიან იმ თანამშრომლების გათავისუფლებაზეც კი, რომელთა გათავისუფლების სრული საფუძველი არსებობს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დანაშაულად არის გამოცხადებული დასაქმებული იძულება დაწეროს განცხადება სამსახურიდან წასვლაზე. ამ შემთხვევაში, მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ პროკურატურა სისხლის სამართლებრივ დევნას დაუწყებს მმართელი პარტიის სიით გასულ გორის მერს, ან მის რომელიმე მოადგილეს.
მოცემულ პირობებში, ერთადერთ გამოსავლად გვევლინება თავად ხელმძღვანელი პირების მიერ გაცნობიერება იმისა, რომ საჯარო დაწესებულება არ წარმოადგენს მათ კერძო სივრცეს და ბიუჯეტი არ არის მათი პირადი საკუთრება.
აუცილებელია თითოეულმა საჯარო მოსამსახურემ გააცნობიეროს მისი პასუხისმგებლობა საკუთარი მუნიციპალიტეტისა თუ ქვეყნის წინაშე და იბრძოლოს როგორც საკუთრი ისე კოლეგა მოხელეების უკანონოდ შელახული უფლებებისათვის.
ამის წინაპირობა, კი დამსახურებაზე, პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაზე და არა ნეპოტიზმზე, პარტიაზე და ნაცნობ-მეგობრობაზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის შექმნაა.