ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულბულის ციხეში მცხოვრებ ფირუზ ჩინჩიკაძეს სახლში საკუთარი ნამუშევრების მუზეუმი აქვს მოწყობილი.
ყოფილი სამხედრო პირი, რომელსაც ავიაციაში მუშაობის 40-წლიანი ისტორია აქვს, უკვე 13 წელია ხატვითაა დაკავებული. ხატავს სხვადასხვა ტექნიკით, ტილოზე და ხეზე.
“მთელი ცხოვრება სამხედრო სამსახურს შევალიე, პოლკოვნიკი ვარ, გენერლის თანამდებობაზე ვიყავი. 5 წელი ვცხოვრობდი გერმანიაში. ავიაციის საკითხებში სემინარებს ვატარებდი ევროკავშირში, ნატოს შტაბ-ბინაში. სამხედრო სამსახურიდან რომ გავედი, დავიწყე ხატვა. პირველი ნახატი ცოლს მივუძღვენი, მისი პორტრეტი დავხატე”.
ამბობს, რომ ბავშვობაში არასდროს დაუხატავს, რადგან ამის არც დრო ჰქონდა და არც შესაძლებლობა.
“ძნელი ბავშვობა მქონდა. დედა სამი შვილით მიატოვა მამამ და უკიდურეს გაჭირვებაში ვიზრდებოდით. ცივი ჭადის მეტი არაფერი მქონია და ხან ისიც მენატრებოდა. 16 წლის რომ ვიყავი, მე-9 კლასში, საშემოდგომო გამომაყოლეს, არ ვიმსახურებდი, მაგრამ მაინც ჩამტოვეს, პატრონი და ხელის შემწყობი არ მყავდა. მიუხედავად იმისა, საშემოდგომო ჩავაბარე, ნიშანი მაინც არ დამიწერეს. მაშინ ვუთხარი დედაჩემს, რომ მე ამ სოფლიდან უნდა წავსულიყავი და მშობლიურ სახლს მანამდე არ დავუბრუნდებოდი, ვიდრე წარმატებული კაცი არ გავხდებოდი. წლების მერე იმ პედაგოგს მივაკითხე, უკვე სამხედრო ფორმა მეცვა, მაგრამ არ გამოვიდა, დამემალა”.
ფირუზს მუზეუმის მოწყობაში მეუღლე დაეხმარა. გვიყვება, რომ მიწის მოჭრა მოუწია, რომელსაც სათლებით ერთად ეზიდებოდნენ.
“ეს ოთახი ჩვენ გავაკეთეთ, მიწა მოვჭერით, სულ “ვედროებით” ვზიდავდით. მოვაწყეთ ეს მუზეუმი, სადაც ყველაფერი მოხატულია, სკამი მაგიდა. მიყვარს ძველისძველი ნივთების შეგროვება და ჩემს მუზეუმში ამასაც ნახავთ. ვინც იცის, მჩუქნიან კიდევაც. ვფიქრობ, რომ ასეთი ნივთები არ უნდა გადავყაროთ, რადგან თითოეულს თავისი ისტორია აქვს. პირველად რომ პარაშუტით გადმოვხტი, ისიც კი მაქვს შენახული, გახსნილი პარაშუტი”.
ხატვის გარდა, ფურუზი ხის ნაკეთობებსაც ქმნის. მასზე გამოცემულია ბიოგრაფიული წიგნიც.