ადამიანები ისტორიები

მადლიერი პაციენტები და 40 წელი სამედიცინო სფეროში – მანანა ნოზაძის ისტორია

“საბედნიეროდ არასდროს მითქვამს სიტყვა, დამაგვიანდა”, – ამბობს მანანა ნოზაძე, რომელსაც მედდად მუშაობის 40 წლიანი გამოცდილება აქვს. მანანა გვიყვება, რომ ექთნად მუშაობის პერიოდში ბევრი სირთულე გაიარა. 90 – იან წლებში ფეხითაც კი დადიოდა სამსახურში და პაციენტებთან.

“ახალდაბამდე ავსულვარ ფეხით, მთელი დღე დამიკარგავს და პაციენტამდე მივსულვარ. პანდემიის პერიოდშიც დავდიოდი, უარი არავისთის არ მითქვამს. 90-იან წლებში, მოგეხსენებათ იყო ძალიან ცუდი სიტუაცია, არ იყო სინათლე და სანთლის შუქზე ვმორიგეობდი. ხაშურში 7-ჯერ ვარ ჩასული და ამოსული ფეხით. 1.60  თეთრი მაქვს სამჯერ აღებული ხელფასი, მაგრამ ჩემი საქმე არასდროს მიმიტოვებია, რადგან სწორედ ის სამსახურია, რომელიც მიყვარს და ვთვლი, რომ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო”, – ამბობს მანანა.

მანანამ ბორჯომის სამედიცინო ინსტიტუტი წითელ დიმლომზე დაამთავრა. ამბობს, რომ ექიმობაზე ოცნებობდა.

“პატარა ასაკში დედა, როდესაც წამიყვანდა ექიმთან, ვამბობდი ხოლმე, როდის იქნება, მეც თეთრ ხალათს რომ ჩავიცვამ-მეთქი. ეს იყო ერთადერთი საქმე, რომელიც მინდოდა. 17 წლის გავთხოვდი და როდესაც შვილები მეყოლა, გამიჭირდა მათი დატოვება და სწავლა აღარ გავარძელე, ამიტომ ექიმი ვერ გავხდი. მე მიყვარს ჩემი საქმე,  სახლის საქმეებით დაღლილი სამსახურში სიხარულით მივდივარ”.

მანანა ამბობს, რომ სამედიცინო სფეროში წუთებსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამაყია, რომ პაციენტისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა არ დაუგვიანებია.

“მე კლინიკის პირველ სართულზე ვიყავი ხოლმე, როდესაც ხმაურს გავიგებდი, გავდიოდი, ვინმე ჩემიანი არ იყოს შემოყვანილი-მეთქი ვფიქრობდი. ერთხელ ჩემი მეზობლები შემოიყვანეს, სამი ბიჭი, ავარიის შედეგად იყვნენ დაშავებულები. როგორ ავიყვანე სამივე ერთად მეორე სართულზე, არ მახსოვს. ახლა თვითონ მახსენებენ ხოლმე, ეს როგორ მოახერხეთო. არ ვიცი, ესაა ზუსტად ამ პროფესიის სირთულეც, უნდა მოასწრო, დრო არ გაქვს, ამ დროს ყველა წუთს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს”.

მანანა მეზობლებისთვისაც საიმედო საყრდენია. მისი დანახვა განსაკუთრებით მოხუცებს ეიმედებათ.

თუ ვინმე ცუდად გახდებოდა უბანში, ყველა კითხულობდა, მანანამ იცის, მანანას დაურეკეთ? ვცდილობ ყველას დავეხმარო ჩემი პროფესიით, ეს იქნება კლინიკაში თუ სახლში. რთულ წლებში საკუთარი თანხებით შემიძენია წამალი, ცარიელი ხელებით რომ მიდიხარ, რა უნდა გააკეთო?! ამიტომ პირველადი დახმარების მედიკამენტები ყოველთვის მქონდა და გავრბოდი ჩემი ყუთით. მოხუცებთან განსაკუთრებული ვარ, რომ გაუჭირდებათ ამბობენ “მანანას დაურეკეთ”. ჩემი საქმით თუ ვინმეს ვეხმარები, მე ეს მაბედნიერებს”.

.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.