ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ვახო თურქაძე თითქმის 40 წელია, იაპონური შერეული საბრძოლო ხელოვნების, ჯიუ – ჯიცუს ტექნიკას ფლობს. ის ევროპის, მსოფლიოს და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია. თურქაძე მე-4 დანის და შავი ქამრის მფლობელია.
1984 წელს, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მან ქარელში ჯიუ-ჯიცუს კლუბი ჩამოაყალიბა.
“მიჩვევა იცის ყველაფერმა. 12 წლიდან დავიწყე ვარჯიში, 55 წლის ვარ და ისევ ამ სფეროში ვმოღვაწეობ. ამჯერად ვეტერანებში გამოვდივარ ხოლმე სხვადასხვა შეჯიბრებზე. სანამ ცოცხალი ვარ, ამ სფეროში ვიქნები. ბავშვების სიყვარული ჩემში იმდენადაა, რომ მე მათ მიტოვებას ვერ შევძლებ. ბავშვს გაზრდა, ყურადღება უნდა, როგორც შვილი, ისე ვუყურებ და ვეღარ ვღალატობ. მინდა გავზარდო ისეთი თაობა, რომელიც ჩემს საქმეს გააგრძელებს. იმდენად დიდი დაინტერესებაა, ბავშვები სოფლებიდან ტაქსით ჩამოდიან ვარჯიშზე დასასწრებად”.
კლუბში 50-ზე მეტი სპორტსმენი ვარჯიშობს. არიან როგორც გოგონები, ასევე ვაჟებიც. კლუბში მსურველებს 5 წლის ასაკიდან იღებენ.
“ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ჩვენთან მოვიდეს და საბრძოლო ხელოვნებას დაეუფლოს. ძალიან სასარგებლო სპორტია, ამდენი ბავშვი ქუჩას მოვაცილე. რაც უფრო განვითარებული და თავდაცვის მცოდნე ბავშვი გვეყოლება, უკეთესი იქნება. სხვა ქვეყნებში ეს საბრძოლო ხელოვნება ძალოვან სტუქტურებშიც ისწავლება. ჩემი მოსწავლეები გაფთხილებული მყავს, რომ მათ ეს ილეთები სკოლაში არ გამოიყენონ. ამიტომაც არის, რომ პირველ რიგში, თვითკონტროლს ვასწავლი. აუცილებელია, რომ მებრძოლმა თავისი თავი აკონტროლოს”.
კლუბს ჰყავს მსოფლიოს, ევროპის და საქართველოს ჩემპიონები.
“ყველაზე პატარა ჩემპიონი, რომელიც ახლა კლუბს ჰყავს, 5 წლის ნინი ალიმბეგაშვილია, რომელმაც ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ეს სპორტი ძალიან სასარგებლოა, იმდენი მოქმედება სრულდება ვარჯიშის დროს, არის ილეთები იოგადან, განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვისაც ხერხემლის პრობლემა აქვს. ჯანმრთელი ცხოვრების წესს კი ალტერნატივა არ აქვს”.