ქარელელი სკოლის მოსწავლე მარიამ კოპაძე ერთი წელია ქვილინგის ტექნიკით დაინტერესდა და ამ დროის განმავლობაში, უამრავი ნამუშევარი შექმნა, რომლებიც გამოფენებზე დამთვალიერებლის ყურადღებას იპყრობს.
ქვილინგი ქაღალდის დახვევის უძველესი ხელოვნებაა. მისი ზუსტი წარმომავლობა უცნობია. თუმცა, ითვლება, რომ ძველ ეგვიპტეში მონაზვნები აქტიურად მუშაობდნენ ქვილინგის ტექნოლოგიით.
“ყველაფერი ერთი ვიდეოს ნახვის შემდეგ დაიწყო. ვიფიქრე მეც ვცდი-მეთქი, გამომივიდა და მას შემდეგ ვქმნი. ქაღალდების დაჭრით და წებოს საშუალებით, მიიღება ეს ნამუშევრები. ეს არის ერთგვარი თერაპიაა, რომელიც აძლიერებს ისეთ უნარებს, როგორიცაა მაგალითად ნებისყოფა და სხვა. ასევე, ხელს უწყობს წვრილი მოტორიკის განვითარებას”.
მარიამი ამბობს, რომ ქვილინგის ტექნოლოგიით მუშაობის პროცესი საკმაოდ უცხოა და ამავდროულად შრომატევადია.
“ნამუშევრებს ძირითადად 12 საათის მერე ვქმნი, რადგან დღის განმავლობაში დრო არ მაქვს. ერთ ნამუშევარს 5-6 საათი სჭირდება. ვქმნი ფანტაზიით ან ფოტოდან. ინტერესი ჩემს თანატოლებში დიდია, მთხოვენ, რომ ვასწავლო, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ ვახერხებ ცოდნის სხვისთვის გაზიარებას”.
მარიამი მე-11 კლასის მოსწავლეა. მომავალში სწავლის გაგრძელებას არქიტექტურის მიმართულებით ფიქრობს. მისი სურვილია პროფესიასთან ერთად, ამ ტექნიკებშიც განვითარდეს
“გარდა ქვილინგის ტექნიკისა, მე ასევე ვხატავ და ვმუშაობ იაპონური ხელოვნების 3D ორეგამის ტექნიკაზეც. აქ მხოლოდ ქაღალდით ხდება ნამუშევრების შექმნა, წებო არ გამოიყენება. ეს ტექნიკა 2015 წელს შევისწავლე. სამომავლოდ მინდა ისეთი პროფესია ავირჩიო, ხელოვნებასთან იყოს ბმაში. მინდა ორივე ტექნიკა დავხვეწო და უფრო მეტი ნამუშევრები შევქმნა”.