ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალექსანდრეწყაროს განაშენიანების გეგმის პირველადი ვერსია უკვე შემუშავებულია და მისი საჯარო განხილვა, ხაშურში 5 მაისს მოხდება.
“განაშენიანების გეგმა მოიცავს, როგორც სოფელ ალექსანდრესწყაროს განვითარების სტრატეგიას, ასევე მის როლს თემის ფარგლებში. წინამდებარე დოკუმენტი სოფლის განვითარების მთავარი ინსტრუმენტია ქალაქმშენებლობითი და სანებართვო კუთხით”, – ვკითხულობთ გეგმის კონცეფციის აღწერაში.
როგორც ცნობილია, განაშენიანების გეგმის მომზადებაში ჩართულია შპს “ალპასე” და შპს “ურბანიკა”
“გეგმის მიზანია, სოფელმა კვლავ შეიძინოს საცხოვრებელი და სააგარაკე ფუნქცია. ამასთანავე, დაგეგმილია, სოფელში მოეწყოს ორგანიზებული რეკრეაციული სივრცეები და აუცილებელი საინჟინრო კომუნიკაციები”, – ვკითხულობთ ხაშურის მერიის ვებ.გვერდზე.
გეგმის საბოლოო ვერსია მოქალაქეების და ექსპერტების მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა ჩამოყალიბდეს.
“შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა შესაძლებელია საჯარო განხილვის დასრულებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში დაპროექტების უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში (ხაშურის მუნიციპლიტეტის მერია). არსებითი შენიშვნები შემდეგში ასახული და გათვალისწინებული იქნება სოფელ ალექსანდრეწყაროს გგ-ს პროექტში”, – განმარტავს ხაშურის მერია.
ალექსანდრეწყაროს განაშენიანების გეგმის პირველადი ვერსიის განხილვა 5 მაისს, 15.00 სთ-ზე ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე სხდომათა დარბაზში გაიმართება.