ახალი ამბები

გორის მერია საკრებულოს წევრებს ინფორმაციას გვიმალავს – ანი ბალიაშვილი

უახლოეს მომავალში მივმართავთ სასამართლოს და გავასაჩივრებთ ჩვენთვის, საკრებულოს წევრებისთვის სამსახურებრივი ინფორმაციის დამალვის ფაქტებს, რაც კანონის უხეში დარღვევაა, – ამბობს გორის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ანი ბალიაშვილი.

მისი თქმით, გორის მერიიდან ინფორმაციას ვერც საკადრო პოლიტიკის, ვერც საშტატო ნუსხების და ვერც სახელფასო ფონდების შესახებ ვერ იღებს. 

“გვაქვს ინფორმაცია, რომ აიპებში გაფორმებულები არიან ე.წ. “მკვდარი სულები”, რომლებიც სამსახურში არ დადიან და მხოლოდ ხელფასს იღებენ. ზოგიერთი მათგანი საკრებულოს წევრების ოჯახის წევრებიც არიან. სამწუხაროდ ჩვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას მერია არასრულად ან საერთოდ არ გვაწვდის. ამიტომაც საზოგადოებას სრულყოფილ ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ ვეუბნებით”, – აღნიშნავს ბალიაშვილი. 

მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება, საჯარო ინფორმაციის დამალვით სასურველი გადაწყვეტილებების მიღებას იმარტივებს. 

“მერიის საკადრო პოლიტიკა მთლიანდ ორიენტირებულია საკუთარი მხარდამჭერების და აქტივისტების დასაქმებაზე. ყოველ წელს შტატებს ამატებენ მერიაშიც და აიპებშიც, რომ რაც შეიძლება მეტ აქტივისტს დაუნიშნონ “პენსია”. მათ დიდ ნაწილს ფუნქცია-მოვალეობაც არ აქვს გაწერილი. ფორმალურია მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსებიც. თუ მოქალაქე “ქართული ოცნების” მხარდამჭერი არ არის, მას დასაქმების შანსი ნული აქვს. არ აქვს მნიშვნელობა მის კვალიფიკაციას და გამოცდილებას”, – აცხადებს საკრებულოს წევრი. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.