ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში საკანალიზაციო სისტემის არარსებობაზე საუბრობენ და ერთმანეთს მოუწოდებენ, კანალიზაციის მილი სანიაღვრე არხზე არ მიაერთონ.
“მეტად მწვავე პრობლემაა ის, რომ სანიაღვრე სისტემა კანალიზაციად ვაქციეთ. სანამ ანტისანიტარია იფეთქებს, ამოიღეთ ხმა, თორე მერე გვიან იქნება თითზე კბენა”, – აღნიშნავს ანა მაჭარაშვილი.
მოქალაქეები ამბობენ, რომ სოფელში სანიაღვრე არხი მოეწყო, რომელსაც ადგილობრივების ნაწილი ბაღების მოსარწყავად იყენებს – კერძოდ, ადგილობრივებს წყალი სწორედ სანიაღვრე არხებიდან მიყავთ ბაღებამდე.
“კანალიზაცია რომ არ გაკეთდა, სანიაღვრე სისტემა აქცია მოსახლეობამ საკანალიზაციო სისტემად, რომელიც სავალალო შედეგამდე მიგვიყვანს. მარტივია, მოვუშვებთ ონკანს, იმას კი აღარ ვფიქრობთ, ვის ბაღში მიედინება ჰიგიენის საშუალებებით დაბინძურებული წყალი”, – წუხს ნინო კუთხაშვილი.
სოფელში სანიაღვრე არხი გზის რეაბილიტაციის შემდეგ მოეწყო, თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, ოჯახების ნაწილმა არხს საკანალიზაციო მილები მიუერთა.
“ჩამოიარონ და ნახონ რა გააკეთეს. გაუსაძლისი გახდა გარეთ გამოსვლა და ღია კარის ან ფანჯრის დატოვება”, – ამბობს ლეილა გაგლოევა.
ადგილობრივები ხელისუფლებას საკანილიზაციო სისტემის მოწყობას სთხოვენ.