სახლის და მუზეუმის გარდა, სხვა სამყოფელი არ გამაჩნია, – ამბობს რევაზ ნოზაძე, რომელიც 43 წელია მუზეუმში მუშაობს.
რევაზი 26 წლის იყო, როდესაც გორის პედაგოგიური ინსტიტუტი დაამთავრა და სამუშაოდ ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაანაწილეს. მას შემდეგ სხვა სამსახურში არ უმუშავია, თუმცა მუზეუმის პარალელურად, 18 წელი მასწავლებლადაც მუშაობდა.
“26 წლის მოვედი მხარეთმცოდნეობის მუზეუმში და მას მერე სხვაგან წასვლაზე არასდროს მიფიქრია. 43 წელია, რაც ამ საქმეს ვემსახურები და ამასობაში 70 წლისაც გავხდი”, – ამბობს რევაზი.
რევაზი თავდაპირველად მუზეუმის რიგითი თანამშრომელი იყო, თუმცა როგორც თავად ამბობს, საქმე უყვარდა და იდეების განხორციელების სურვილიც მუდამ ჰქონდა.
“მე როდესაც მუზეუმში მივედი, იმ პერიოდში რესპუბლიკის მასშტაბით ეწყობოდა ხოლმე მოძრავი გამოფენები, ეს იყო სხვადახვა ცნობილი მხატვრების უნიკალური ტილოები. ხაშურს გალერეა არ ჰქონდა და ამიტომ გადავწყვიტე გალერიის დანიშნულება მუზეუმს შეეთავსებინა, ცალიერ დარბაზებში საკიდები ჩემი ხელით დავაყენე და ჩვენმა ქალაქმა მოძრავ გამოფენას უმასპინძლა, ეს მოხდა პირველად ჩემი ხელმძღვანელობით, რეკონსტრუქცია ახალი დასრულებული იყო”, – იხსენებს ის.
წლების განმავლობაში, რევაზის სამუშაო პოზიციები იცვლებოდა. ამბობს, რომ თითქმის ყველა საფეხური გაიარა.
“რიგითი თანამშრომლად დავიწყე მუშაობა და სხვადასხვა პოზიციებზე ვიყავი წლების განმავლობაში, თითქმის ყველა საფეხური გავიარე, ახლა დიმიტრი ყიფიანის სახლ მუზეუმის მენეჯერი ვარ. აქ 2012 წლიდან გადმოვედი. შეიძლება ითქვას მუზეუმისთვის დავიბადე. თავიდან რომ შემეძლოს არჩევანის გაკეთება, მაინც მუზეუმს ავირჩევდი, მიუხედავად იმისა მაღალი ანაზღაურება არასდროს მქონია”.
26 აპრილს დიმიტრი ყიფიანის 212 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე რევაზ ნოზაძე ყიფიანის სახელობის მედლით დააჯილდოვეს.
“ამ ჯილდოს არ ველოდი, მაგრამ ალბათ დავიმსახურე. ვიდრე ცოცხალი ვარ, მინდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი მივიყვანო ბოლომდე. ამას მემორიალური სტატუსი აქვს და აუცილებელია ვენახიც ჰქონდეს. იმედია მალე ამ გეგმასაც განვახორცილებ“