“ხშირად გვესმის რომ ფიზიკა უინტერესო საგანია. მოსწავლეებს დაუსვამთ კითხვა, რაში მჭირდება ფიზიკაო. მათ რომ ჰქონდეთ სწავლისადმი გამოკვეთილი ინტერესი, ისინი უნდა იაზრებდნენ ცოდნის შეძენის საჭიროებას.”
ჯუნა სულაშვილი 2018 წლიდან ბრეთის მეურნეობის საჯარო სკოლაში ფიზიკას ასწავლის და როგორც თავად ამბობს, საგნის მიმართ ინტერესის გაზრდის მიზნით, მუდმივად ცდილობს მოსწავლეებს უჩვენოს ფიზიკის კავშირი მათ ყოველდღიურობასთან.
ამ მიზნით, ჯუნამ ახლახანს მე-10 კლასს კომპლექსური დავალება გააკეთებინა – მოსწავლეებმა ნახეს, როგორ გაატარა დენი ფანქრით დახაზულმა კონტურმა, რის შედეგადა შუქდიოდი აინთო.
“ახლახანს მე-10 კლასში დავამთავრეთ მუშაობა ერთ-ერთ კომპლექსურ დავალებაზე, სადაც მოსწავლეებმა დაამზადეს გრაფიტისგან რეზისტორები და ნივთიერების ელექტროგამტარობის შესასწავლად ჩაატარეს ცდები. მოსწავლეთა გაოცება გამოიწვია იმან, რომ ფანქრით დახაზულმა კონტურმა გაატარა დენი, რის შედეგადაც აინთო შუქდიოდი”.
ჯუნა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ფიზიკის სწავლების ყველაზე ეფექტური გზა სწორედ ცდები და კომპლექსური დავალებებია.
“საგაკვეთილო პროცესში ხშირად ვიყენებ ვირტუალურ ლაბორატორიებს, რომელიც მეხმარება ფიზიკური მოვლენების სიმულაციური ხერხით აღწერაში. ასევე ,კომპლექსურ დავალებებზე მუშაობით, რომელიც უფრო მეტად ორიენტირებულია პირობისეული ცოდნის შეძენაზე. მაქსიმალურად ვცდილობ, ამ გზებით, მოსწავლეებს ვუჩვენო საგნის კავშირი ყოველდღიურობასთან.“
ჯუნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსის ბიოფიზიკის მაგისტრია. საჯარო სკოლაში მუშაობის დაწყებამდე, ის რეპეტიტორი იყო.
“ბავშვობიდანვე მინდოდა მასწავლებლობა და ჩემს არჩევანში არც შევმცდარვარ. მიუხედავად იმისა, რომ მქონდა მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება, რეპეტიტორი ვიყავი, არ დამავიწყდება ჩემი პირველი გაკვეთილი, როდესაც მე -11 კლასელებთან შევედი. პირველი წუთები იყო უფრო მღელვარე, თუმცა მოსწავლეთა გაცნობის შემდეგ გაქრა მღელვარება და შიშის გრძნობაც”, – იხსენებს ჯუნა.
ჯუნასთვის სკოლაში მუშაობა დიდი პასუხისმგებლობაა და როგორც თავად ამბობს, მაქსიმალურად ცდილობს გაკვეთილი ყველა მოსწავლის ჩართულობით წარმართოს. ფიქრობს, რომ ეს ყველა მასწავლის საზრუნავი უნდა იყოს.