ქარელის პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო. კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, სამუშაოები 2025 წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს.
სკოლის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს და პროექტის ღირებულება 5 400 000 ლარია. დოკუმენტაციის მიხედვით, სკოლა 588 მოსწავლეზე იქნება გათვლილი.
“გათვალისწინებულია შენობის გადაგეგმარება, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება საორიენტაციოდ 588 მოსწავლის განთავსება სკოლაში, ასევე გათვალისწინებულია სხვადასხვა ადმინისტრაციული, ჰიგიენური, საერთო დანიშნულების ოთახების გამოყოფა”, – ვკითხულობთ დოკუმენტაციაში.
პროექტის ფარგლებში, მოპირკეთდება შენობის ფასადი და დამონტაჟდება ლიფტიც.
“ყველა არსებული კედლები და იატაკები სრულად იქნება გასუფთავებული ძველი მოპირკეთებისგან და შეიცვლება ახლით პროექტის შესაბამისად. ასევე, შეცვლას ექვემდებარება შენობის ფასადის მოპირკეთების ელემენტები, გადახურვის ბურული და წყალარინებითი ელემენტები პროექტის შესაბამისად. პროექტით გათვალისწინებულია ლიფტის მშენებლობა შენობის გარე ფასადზე, რაც უზრუნველყოფს შშმ პირთათვის ყველა სართულზე მისაწვდომობას.”
შენობის გარდა, იგეგმება ეზოს რეაბილიტაციაც.
“გათვალისწინებულია სკოლის ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც მოიცავს განათების ბოძების, წყლის სოკოს, შემომფარგვლელი ღობის, გამწვანების, ჩარდახების, სპორტული მოედნის მოწყობას. ასევე, შეიცვლება ეზოში არსებული ასფალტის ბილიკები ახლით. დამონტაჟდება ბეტონის პანდუსები შშმ პირთათვის. პროექტით გათვალისწინებულია არსებული საქვაბე შენობის დემონტაჟი და ახალი საქვაბე შენობის აშენება, – წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.
ინფორმაციისთვის, 16 იანვრიდან აღნიშნული სკოლის მოსწავლეებითვის სასწავლო პროცესი ქარელის მე-2 სკოლაში, მეორე ცვლაში მიმდინარეობს.