ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 112- ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქართულმა მხარემ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხების გარდა, დღის წესრიგში დააყენა ჭვრინისთან მომხდარი ინციდენტი, როცა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქეების გატაცება სცადეს და მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, საოკუოაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს.
“შეინიშნება გარკვეული სიგნალები უკანონო პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, თუმცა სანამ ოფიციალური ინფორმაცია არ გვექნება ვერაფერს ვიტყვით, დეტალებზე საუბარი ახლა არ შემიძლია. იყო საკმაოდ ხანგრძლივი და დაძაბული დისკუსიები, მოვითხოვეთ იმ პირების დასჯა, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ საქართველოს მოქალაქეებს ჭვრინისში”, – განაცხდა შეხვედრის დასრულებისას ირაკლი ანთაძემ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.
ანთაძის თქმით, მორიგი შეხვედრა 3 ივლისს ჩაინიშნა.