ქარელში ცენტრალური სკვერის რეაბილიტაცია წლის დასაწყისში დაანონსდა. მერიამ საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად ტენდერი 26 იანვარს გამოაცხადა, რომელშიც ი/მ ნანა ახვლედიანმა გაიმარჯვა. აღნიშნული მომსახურებისთვის მერიამ 25 550 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.
რას ითვალისწინებდა ტენდერის პირობები ?
“წინამდებარე დავალების მიზანს წარმოადგენს ქარელში ცენტრალური სკვერის სრული რეაბილიტაციის დეტალური პროექტის მომზადება შემდგომში სამშენებლოსარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად. საპროექტო დოკუმენტაცია უნდა დამუშავდეს საქართველოს კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების გათვალისწინებით”, – ეწერა სატენდერო დავალებაში.
რა ეტაპზეა საპროექტო დოკუმენტაციაზე მუშაობის პროცესი ?
ქარელის მერიის ცნობით, სკვერის სრული რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე მუშაობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე შექმნილია სამუშაო ვერსიის ესკიზი, რომელსაც ჯერჯერობით საბოლოო სახე არ მიუღია.
რა იგეგმება სამშენებლო სამუშაოების პროცესში?
პროექტირების შემდეგ, დაგეგმილია სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება, რომლის ფარგლებში დაგეგმილია სხვდასხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა:
- საფეხმავლო ბილიკები;
- დეკორატიული განათება;
- საპარკე სკამები;
- საჩრდილობელი ფანჩატურების მოწყობა;
- საბავშვო ატრაქციონების მოწყობა;
- სარწყავი სისტემის მოწყობა;
- მწვანე ნარგავების განაშენიანება.