ავტორი: ელენე ნადიბაძე, ონკოპაციენტი
2010 წელს დამიდგინდა სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე, მე-2 კლინიკური ჯგუფი. დიაგნოზის გაგებისთანავე დავიწყე გამოსავლის ძებნა, არ შემშინებია და ზუსტად ვიცოდი, გავუძლებდი.
13 წელია, ამ ვერაგ დაავადებას ვებრძვი. 2010 წელს ჩამიტარდა პირველი ოპერაცია – მარჯვენამხრივი რადიკალური მასტექტომია, შემდეგ ადიუვანტური ქიმიოთერაპიის 4 კურსი, ადიუვანტური ჰორმონოთერაპია “ტამოქსიფენით”. მას შემდეგ 12 წელი გავიდა და რომ მეგონა ყველაფერი კარგად იყო, გაიღვიძა ჩემმა ავადმყოფობამ.
ერთი წლის წინ, როცა მორიგი ოპერაცია დამჭირდა და ლავიწზედა ჯირკვალი ამომკვეთეს, კვლევამ აჩვენა, რომ მეტასტაზი იყო და არა მხოლოდ ადგილობრივად, არამედ, ორივე ფილტვზე, ღვიძლსა და ძვლებზე.
ერთი წელია, ისევ სიცოცხლისთვის ვიბრძვი. ამჟამად, სპეციალური პროგრამით გავდივარ ჰორმონოთერაპიის კურსს. პროგრამის წამლები, კვლევები უფასოა, ვსარგებლობ სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამითაც და მეხმარებიან ჩემი მეგობრები.
სკოლაში დიდი ხანია ვმუშაობ და მიუხედავად ჩემი გართულებული მდგომარეობისა, მუშაობა არ შემიწყვეტია, მეტიც, გადასხმიდან პირდაპირ სამსახურში მივდივარ და გაკვეთილებს ვატარებ. არ მაქვს დრო ცუდად ყოფნის და ცუდზე ფიქრის.
საკუთარი თავის ფსიქოლოგი ვარ, მიყვარს სიმღერა და ხშირად ვმღერი საყვარელი ადამიანებისთვის, რომლებიც სულ მამხნევებენ. მიყვარს იუმორი და ვცდილობ ავადმყოფობა განწყობაზე არ აისახოს.
თუმცა, კარგი იქნება, ჩემნაირ პაციენტებს, საჭიროების შემთხვევაში, უფასო ფსიქოლოგის კონსულტაციები უტარდებოდეთ. ამ დაავადებასთან ბრძოლა რთულია, ყველა ვერ უძლებს, მაგრამ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, მისი მართვა ვისწავლე.
ბრძოლაში მარტო არ ვარ, ყველა ჩემ გვერდითაა – შვილები, სკოლა, მეგობრები და ყველაზე მთავარი – სიმღერა. არასდროს დამიკარგავს იმედი.
მინდა ყველა ონკოპაციენტმა იცოდეს, რომ კიბო განაჩენი არ არის და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.