ხაშურის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო (მონაწილეობითი) ბიუჯეტირების პროექტი, მიმდინარე წელს, თაგვეთში, ცედანსა და წაღვლში განხორციელდება, – წერს ხაშურის მერია.
უწყების ინფორმაციით, ამ სამი სოფლისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში პროექტისთვის 300 000 ლარია გამოყოფილი, საიდანაც თითოეულ სოფელზე 100 000 ლარი დაიხარჯება.
გამოყოფილი თანხით ხაშურის მერია ადგილობრივების საპროექტო იდეებს დააფინანსებს. განაცხადის წარდგენის და დაფინანსების მიღების პირობები ადგილობრივი ხელისუფლებამ თაგვეთის მოსახლეობას უკვე გააცნო.
“საპროექტო იდეის წარმოდგენა ხაშურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია 14 წლის ასაკიდან, გარდა მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისა და საკრებულოს წევრებისა. საპროექტო იდეები, რომლებიც წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, გადავა კენჭისყრის ეტაპზე, სადაც გამარჯვებული პროექტი ფარული ხმის მიცემით გამოვლინდება”, – განმარტავს ხაშურის მერია.
უწყება პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს ცედანის და წაღვლის მოსახლეობასთანაც გამართავს.