ახალი ამბები

“მრჩეველი არ არის, სპეციალისტია”  – საკრებულოს თავმჯდომარე გორის მერის ახალ დამხმარეზე

“მრჩეველი არ არის, ეს იქნება ხელშეკრულებით აყვანილი სპეციალისტი”, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე გორის მერის ახალ დამხმარეზე. 

დავით რაზმაძის თქმით, ხელშეკრულებით აყვანილი პირი ინფრასტრუქტურის სამსახურში იმუშავებს და ვლადიმერ ხინჩეგაშვილს კონსულტაციას კულტურულ მემკვიდრეობებთან დაკავშირებით გაუწევს. 

“რა თქმა უნდა, სახელმწიფო და შესაბამისი კულტურის დეპარტამენტი მუშაობს ამ თემებზე, მაგრამ ხშირად არის შემთხვევა, რომ მოსახლეობა თვითონ იღებს გადაწყვეტილებას კულტურულ მემკვიდრეობას, უფრო ხშირად ძველ ტაძრებს, რომ თვითონვე ჩაუტარონ რეაბილიტაცია და არასწორად მიდის ეს ყველაფერი. გამომდინარე აქედან, გადაწყვიტა მერმა, რომ ჰყოლოდათ სპეციალისტი”, – აცხადებს დავით რაზმაძე.

ინფორმაციისთვის, კონსულტაციების გაწევის მიზნით, გორის მერმა კიდევ ერთი შტატგარეშე თანამშრომლის აყვანის თხოვნით, საკრებულოს ნებართვა სთხოვა

შედეგად, გორის მერს ორ მოადგილესთან, ორ მრჩეველთნ და ხუთ თანაშემწესთან ერთად, კიდევ ერთი დამხმარე ეყოლება. 

დატოვეთ კომენტარი