ახალი ამბები

“საფლავებზე შიშით გავდივართ” – რა ხდება საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში

შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავენ, თუმცა ადგილობრივებისთვის წინაპრების საფლავებზე მისვლა და მათთვის პატივის მიგება კვლავ მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული. ოკუპანტები ე.წ. საზღვართან პატრულირებენ და ცდილობენ, რომ არარსებული საზღვრის კვეთის ბრალდებით, ადგილობრივები დააკავონ.

სოფელ კირბალში სასაფლაო ორადაა გაყოფილი და მოსახლეობის ნაწილს წინაპართა საფლავებზე გასვლის შესაძლებლობა არ აქვთ. ხოლო ისინი, ვინც საფლავებზე მაინც მიდიან, ოკუპანტების გამო განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ ოკუპანტებმა წაართვეს სახნავ-სათესი მიწები, ასევე საძოვრები და ოკუპირებულია სალოცავებიც კი.

“გავდივართ საფლავებზე მაგრამ შიშით, ნებისმიერ დროს შეიძლება თავზე წამოგვადგნენ. წაიღეს მიწები, საძოვრები და ლომისაზეც ვეღარ ავდივართ. ბევრნი თუ ვართ საფლავზე, მაგ დროს თავს იკავებენ და თუ დაგიმარტოხელეს, ეგრევე წაგიყვანენ ცხინვალში. აქ ყოველი მეორე ადამიანი ცხინვალის ციხეში ნამყოფია, ჯარიმას გახდევინებენ და გიშვებენ”,- ამბობს გენადი თაყაძე.

კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში არიან დევნილები. 2008 წლის ომის შემდეგ მათ ოკუპუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული ნათესავების საფლავებზე გასვლის საშუალება არ ეძლევათ. ისინი წითელ კვერცხს და პასკას წლებია მავთულხლართებთან ტოვებენ. 

დატოვეთ კომენტარი