“ჩვენთვის არც აღდგომაა და არც ახალი წელი”, – ამ სიტყვებით ხაშურის მერიის ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის, „ხაშურსერვისის“ თანამშრომელი მერს მიმართავს.
გიორგი კაპანაძე ღია წერილს აქვეყნებს, სადაც დატვირთულ სამუშაო რეჟიმსა და დაბალ შრომის ანაზღაურებაზე საუბრობს.
“ყოველდღე დილის 3 საათზე ვდგებით და წვიმაში და ქარში ვმუშაობთ. თქვენ არ იცით, ასეთ სირთულეში რას ნიშნავს მუშაობა. სანამ არ გამოცდით, ვერც გაიგებთ, მაგრამ მაინც გეტყვით, ღმერთმა არ გამოგაცდევინოთ. 490 ლარს ვიღებ ხელფას. არ ვამბობ, რომ ძალიან ცოტაა, თუმცა ყველაზე დაბალი ხელფასი ჩვენ გვაქვს საქართველოში”, – წერს კაპანაძე.
როგორც „ხაშურსერვისის“ თანამშრომელი წერს, წინა წლებში მათ მერია სააღდგომო ნობათს ურიგებდა ხოლმე, რაც წელს აღარ მომხდარა.
“1 ლიტრ ზეთს, 10 ცალ კვერცხს გვაძლევდით სააღდგომოდ, თუმცა არც მაგას მივტირივარ, რომ აღარ მოგვეცით. ღმერთმა დამიფაროს ახალგაზრდა კაცმა სამათხოვროდ გავიხადო საქმე. სანამ ჯანმრთელი ვარ, ჩემს ოჯახს და ჩემ პატარებს არაფერს გავუჭირვებ, თუმცა ყველა დიდად მადლობელი დაგჩებოდით, ხელფასის ნახევარი მაინც რომ გადმოგეცათ საჩუქრად”.
გიორგი კაპანაძე საკუთარ წერილში იმასაც აღნიშნავს, რომ დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, სხვა სამსახურის შეთავსებას ვერ ახერხებს.
“იმის გასაქანი არ გვაქვს, რომ დამატებით სხვაგანაც დავსაქმდეთ, რადგან დღეში 2-ჯერ გვიწევს სამუშაოზე გასვლა. სამწუხაროდ, თქვენი პასუხი ყველა ჯერზე არის, რომ ფული არ არის ბიუჯეტში”.
კაპანაძის სიტყვებით, ამ ყველაფერზე საჯაროდ საუბრისას, არ აინტერესებს, სამსახურიდან გაათავისუფლებენ თუ არა.
“მე ამას ვწერ და მეტ ნაკლებად მაინტერესებს სამსახურიდან გამათავისუფლებთ თუ არა”.