ბლოგები

როგორ ვასწავლით ქართულ ენას სკოლებში და როგორ აღვნიშნავთ დედაენის დღეს? 

ავტორი: ნათია გაბროშვილი, სსიპ ზაზა ბირთველიშვილის სახელობის გორის N7 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი

“ენა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილს ხელით არ უნდა შეეხოს“, – ამბობდა ილია.

ქართული ენა მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონეა. საქართველოს მოქმედ კონსტიტუციაში, ჯერ კიდევ 1922 წლიდან იყო შეტანილი საგანგებო მუხლი, რომლითაც ქართულ ენას სახელმწიფოებრივი სტატუსი ენიჭებოდა.

45 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს, ქართველი ხალხი მშობლიური ენის დასაცავად გამოვიდა. მას შემდეგ, ეს დღე განსაკუთრებულად აღინიშნება. სკოლაშიც საგანგებოდ ვემზადებით.

დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე სხვადასხვა აქტივობას ვგეგმავთ. დედაენის  დღისადმი მიღვნილი კვირეულის ფარგლებში, ყოველწლიურად  ტარდება კალიგრაფიის კონკურსი.

მოსწავლეები ამზადებენ კედლის გაზეთებს, სკოლის დერეფანში ეწყობა ,,გალერეა“. ყველა დაინტერესებული პირი მოდის და ამომწურავ ინფორმაციას იღებს  განთავსებული მასალის შესახებ.

დედაენის შესახებ ცნობილი ადამიანების გამონათქვამების შეგროვება  და გავრცელება სასკოლო საზოგადოებაში ტრადიციად ვაქციეთ.

უმცროსკლასელთათვის იგეგმება ექსკურსია ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში.

საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან ვიხსენებთ 1978 წლის საპროტესტო აქციებს, რომლის შედეგად ქართულმა ენამ სახელმწიფო ენის სტატუსი შეინარჩუნა. ვუჩვენებთ ამ მოვლენის ამსახველ დოკუმენტურ ფილმს, მოსწავლეები მართავენ დისკუსიას.

დედაენის დღის აღნიშვნას, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამ დღეს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ მშობლიურ ენას შენარჩუნება, დაცვა და გაფრთხილება სჭირდება. თუმცა, არ შეიძლება 14 აპრილი მხოლოდ ოფიციალურად აღსანიშნ დღეთა ნუსხაში შევიტანოთ და მეტი არაფერი.

უნდა გავაცნობიეროთ, რომ ენის შესანარჩუნებლად და გასაფრთხილებლად მუდმივი ზრუნვაა საჭირო. უნდა არსებობდეს საკანონმდებლო ნორმები, რომელთა მიხედვითაც დარეგულირდება სახელმწიფო ენის ფუნქციონირება.

მნიშვნელოვანია, როგორი ქართული ისმის ტელევიზიით, როგორ და რა იწერება ჟურნალ-გაზეთებში და რა ვრცელდება სოციალური ქსელით. ენის სიწმინდე ჯერ უფროსებმა უნდა დავიცვათ და მერე მოვთხოვოთ  ახალგაზრდებს. თითოეული ჩვენგანის ვალია, იგი  შევაყვაროთ ახალ თაობას. აღარ გვექნება საწუწუნო, რომ ენა მარტივდება და ღარიბდება.

არ უნდა დაგვავიწყდეს “ენის სიწმინდის დაცვა ისეთივე საპატიო საქმეა, როგორც ხმლით დაცვა საკუთარი სამშობლოსი“.

დატოვეთ კომენტარი