ავტორი: თამარ კიკაძე
ბებო მასწავლიდა, რომ აღდგომა უდიდესია ქრისტიანულ დღესასწაულებს შორის, ეს არის ცოდვებზე გამარჯვების ზეიმი. მწვანე ჯეჯილზე გაგორებული წითელი კვერცხი სიკვდილის ძლევის სიმბოლოა და ამ დღისთვის გამომცხვარი პასკა კი ხატის პური, რომელიც მაცხოვრის სიტყვებს გვახსენებს “მე ვარ პური ზეცით გარდამოსული“. ყველა ოჯახი განსაკუთრებით უნდა მოემზადოს აღდგომის დღესასწაულისთვისო, გვეუბნებოდა ხოლმე.
თვითონ უგემრიელეს პასკას აცხობდა, არც რეცეპტი ჰქონდა, დიდ თასში გაცრილ ქათქათა ფქვილში ყოველთვის თვალის ზომით ამატებდა ხოლმე ინგრედიენტებს.
ბებოს “ხატის პური“ იგივე პასკა დიდხანს მენატრებოდა. ბევრი რეცეპტი გამოვცადე. სულ ვეძებდი იმ გემოს, ვიდრე ერთ-ერთი ძვირფასი ექიმის რეცეპტით გამომცხვარი პასკა არ დავაგემოვნე. ეს იყო სწორედ ის ბავშვობის გემო. მას შემდეგ სულ ამ რეცეპტით ვაცხობ პასკას. ყველას ძალიან მოსწონს და რჩევებსაც ვუზიარებ ხოლმე.
ახლაც სიამოვნებით გაგიზიარებთ კარგად გამოცდილ რეცეპტს. მერწმუნეთ, თუ ყველა წესის დაცვით გააკეთებთ, აუცილებლად გამოგივათ ძალიან გემრიელი პასკა.
პასკისთვის დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 10 ცალი კვერცხი;
- 1,2 კგ შაქარი (თუ ტკბილი გიყვართ, 1,3 კგ);
- 1 ლიტრი ადუღებული რძე;
- 250 გრამი ნაღების კარაქი (უმჯობესია “პრეზიდენტი“);
- 250 გრამი მარგარინი;
- 4 სუფრის კოვზი მშრალი საფუარი;
- 1 ჭიქა ზეთი;
- 300 გრამი შავი ქიშმიში;
- 3 კილოგრამი უმაღლესი ხარისხის ფქვილი;
- ცუკატები (გემოვნების მიხედვით)
- 1 ცალი ლიმონის ცედრა; ვანილი; ნახევარი ჩაის კოვზი მუსკატის კაკალი; ნახევარი ჩაის კოვზი ილი; მწიკვი მიხაკი და დარიჩინი.
მომზადების წესი:
- ნახევარ ლიტრ თბილ რძეში გახსენით 4 სუფრის კოვზი საფუარი, დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი შაქარი (შაქარი კარგად აფუებაში უწყობს ხელს.) მეორე ნახევარ თბილ რძეში გახსენით ცხიმი (მარგარინი, კარაქი, ზეთი). ცალკე 10 კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ (აუცილებელია, რომ კვერცხი იყოს ოთახის ტემპერატურის). დაუმატეთ 10 სუფრის კოვზი შაქარი, მწიკვი მარილი და კარგად აურიეთ.
- სხვა ჭურჭელში 10 კვერცხის გულით და დარჩენილი შაქრისგან გააკეთეთ გოგლი -მოგლი, დაუმატეთ მომზადებული ბეზე და ხის კოვზით კარგად მოურიეთ.
- დიდი თასზე მოათავსეთ 3 კილოგრამი ფქვილი, დაასხით საფუარიანი და ცხიმიანი რძე. ნელ-ნელა დაიწყეთ მოზელა, თან ამატეთ კვერცხის მასა და დარჩენილი ნახევარი ჭიქა ზეთი.
- ცომი კარგად მოზილეთ, შეფუთეთ თბილად და 6 საათი დაელოდეთ გაღვივებას. თუ ცომს საღამოს მოამზადებთ, დილით გამოსაცხობად იქნება მზად. (ღამე ჩაზილვა არ სჭირდება.)
- უკვე კარგად გაღვივებული ცომი ჩაზილეთ კარგად, დაუმატეთ ქიშმიში (რაც არ უნდა სუფთა იყოს ქიშმიში, ადუღებული წყალი მაინც გადაავლეთ), ცუკატები, ლიმონის ცედრა, ვანილი, მუსკატის კაკალი, ილი, დარიჩინი და მიხაკი.
- აიღეთ ქაღალდის ან თუნუქის ფორმები, წაუსვით ცხიმი ჩააფინეთ ქაღალდი და ცომი ჩადეთ ისე, რომ ფორმა ნახევრად შეივსოს. ფორმაში ჩადებული ცომი ამოსვლამდე გააჩერეთ და შედგით გახურებულ საცხობში 150 გრადუს ტემპერატურაზე . გამოცხობას 35 -40 წუთი სჭირდება ხოლმე, თუმცა გამოღებამდე მაინც შეამოწმეთ ხის ჩხირით.
- შეგრილების შემდეგ ამოიღეთ ფორმებიდან და თქვენი სურვილისამებრ მორთეთ.
სააღდგომოდ ტრადიციულ ნამცხვარ “ბეკეკოსაც“ ვაცხობ ხოლმე, გემრიელია და თან ძალიან ამშვენებს სააღდგომო სუფრას მის მომზადების წესსაც გაგიზიარებთ.
- 1 ცალი კვერცხით და 1 ჭიქა შაქრით, გოგლი-მოგლს ვაკეთებ.
- ვამატებ 1 ჭიქა მაწონს, რომელშიც 1 ჩაის კოვზ სოდას ვურევ.
- კარგად ვთქვეფ და 3 სუფრის კოვზ ზეთს, ვანილს და 1,5 ჭიქა ფქვილს ვუმატებ. არაჟნის სისქის ცომი გამოდის.
- მიღებულ მასას ცხიმწასმულ, გაცხელებულ ცხვრის ფორმაში ვასხამ, კარგად ვანაწილებ და 200 გრადუს ტემპერატურაზე, ნახევარი საათის განმავლობაში ვაცხობ ხოლმე.