ახალი ამბები

ხაშურის წყლის პროექტი აქტიურ ფაზაში შევიდა – ინფრასქტრუქტურის მინისტრის მოადგილე

„ხაშურის წყალმომარაგების პროექტი აქტიურ ფაზაში შევიდა”, – აცხადებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი. 

წყალმომარაგებლის კომპანიის ცნონით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ქალაქ ხაშურის მერიაში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელობა, საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლობა და დონორი ორგანიზაციების დელეგაცია ესწრებოდა. 

“დღეს განვიხილეთ პროექტის მიმდინარეობა და მის ფარგლებში დასახული ღონისძიებები. მნიშვნელოვანია, რომ პროექტთან დაკავშირებული ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ხაშურში ამ მასშტაბის პროექტი წყალმომარაგებისა და წყალარინების თვალსაზრისით არ განხორციელებულა, რაც ხაშურისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას უზარმაზარ პრობლემას მოუგვარებს. მინდა მადლობა გადავუხადო საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირს ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის“ – განაცხადა მზია გიორგობიანმა.

პროექტის ფარგლებში, ხაშურში უნდა მოეწყოს წყალმომარაგების ახალი ქსელი, აშენდეს წყლის სათავე ნაგებობები, სატუმბი სადგურები, ჭაბურღილები, რეზერვუარები. ასევე, მოეწყოს წყალარინების ქსელი, ჩატარდეს კოლექტორების რეკონსტრუქციისა, გაფართოვდეს სამუშაოები და აშენდეს წყალარინების გამწმენდი ნაგებობა.

“პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქ ხაშურის მოსახლეობა 24 საათიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით ისარგებლებს. უწყვეტი წყალმომარაგება ექნება ზემო ოსიაურის, ქვემო ოსიაურისა და ცხრამუხას მოსახლეობასაც. წყალარინების გამწმენდი ნაგებობა ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების წმენდის სრულ ბიოლოგიურ ციკლს განახორციელებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოს დაბინძურების რისკებს”, – აცხადებს წყალმომარაგების კომპანია.

ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი საფრანგეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

დატოვეთ კომენტარი