ხაშურის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანებას წელიწადზე მეტია დირექტორი არ ჰყავს.
ამ პოზიციის დაკავება პროფესიით ისტორიკოსს, გიორგი ჩუბინიძეს სურდა, რომელიც მერიისგან პასუხს რამდენიმე თვე ელოდა. შემდეგ კი საქართველო დატოვა.
“ამდენი და კიდევ უფრო მეტი ხანია, რაც ბიბლიოთეკაში ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის, მოსწავლეებისთვის, ახალგაზრდებისთვის ღონისძიებები თითქმის არ გამართულა”, – დაწერა სოციალურ ქსელში ჩუბინიძემ კვლავ ვაკანტური პოზიციის შესახებ.
ჩუბინიძის თქმით, მერია ამ ადგილს კონკრეტულ პიროვნებას უნახავს.
“ვისთვისაა შენახული ეს ვაკანსია, როცა მეორე წელია უკვე არაერთი პირის განაცხადია შესული ხაშურის მერიაში და მათ პასუხი დღემდე არ მიუღიათ? ხაშურის მერია რატომ არ უგზავნის პასუხებს ადამიანებს, ვინც ამ პოზიციაზე მუშაობის სურვილი გამოთქვა და ბიბლიოთეკის განვითარების ხედვაც წარადგინა:-წერს გიორგი ჩუბინიძე. ნუთუ ამდენი დასაკარგი დრო და რესურსი გვაქვს?”, -წერს გიორგი ჩუბინიძე.
რატომ არის ვაკანტური საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორის პოსტი დღემდე? – ამის გასარკვევად “მოზაიკა” ხაშურის მერს დაუკავშირდა, რომელმაც ასეთი პასუხი გაგვცა:
“დირექტორის დანიშვნა უახლოეს პერიოდი მოხდება. რაც შეიძლება, მალე ვიმსჯელებთ ამ საკითხზე”.
ინფორმაციისთვის, ერთ წელზე მეტია საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორის მოვალეობას ბიბლიოთეკის ბუღალტერი მზია ყიფშიძე ასრულებს.