ხაშურის მერიამ #7 სკოლას სტადიონი შემაღლებულ ადგილზე მოუწყო, კიბის და კარის გარეშე, – ამის გამო სოციალურ ქსელში უკმაყოფილება ამავე სკოლის მასწავლებელმა გამოთქვმა.
ნანა გელაშვილმა პოსტთან ერთად, ფოტოებიც გამოაქვეყნა.
“ეს ჩემი სკოლის ეზოში ახლადაშენებული სტადიონია. თავი დავანებოთ იმას, რომ ჩამოვარდნილი კარი მიყუდებულია დაკიდების დღიდან. ვინც ჩაიბარა ეს სტადიონი, მას ვეკითხები: პატივცემულო, ან მიმდებარე ტერიტორია რატომ არ მოაწესრიგეთ, ტალახში რომ დადიან ბავშვები”, – წერს გელაშვილი.
მისივე სიტყვებით, მოსაწესრიგებელია სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაც.
“ან ამიხსენით, ასაკოვანი ადამიანი როგორ უნდა ახტეს ამ სიმაღლეზე, ეტლით მოსარგებლეზე ხომ საერთოდ არაა გათვლილი. არ დგას ნაგვის ურნები, ნაგავსაყრელად იქცა მიმდებარე ტერიტორია. მადლიერების გამოხატვის საშუალება მოგვეცით ხოლმე,ხარისხიანად გააკეთეთ ,რასაც აკეთებთ”, – წერს ნანა გელაშვილი.
ხაშურის #7 საჯარო სკოლის ეზოში მინი სტადიონის მშენებლობა მერიამ გასულ წელს დაასრულა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 200 000 ლარამდე დაიხარჯა.