ახალი ამბები

“ნაციონალები ხართო”, – ზეღდულეთში ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ

სოფელ ზეღდულეთში, მოსახლეობის ნაწილი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და დახმარებას ითხოვს. მათი თქმით, ერთ-ერთ უბანში არ არის განათება და მოშლილია საგზაო ინფრასტრუქტურა.

ადგილობრივი მცხოვრები, ჯუმბერ ამირიძე ამბობს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ისინი მერიის წარმომადგენელს არაერთხელ დაუკავშირდნენ, თუმცა მათი თქმით, დახმარებაზე უარი იმ მიზეზით უთხრეს, რომ ისინი ოპოზიციის მხარდამჭერები არიან.

“რომ მივედი და ვთხოვე, სირცხვილია-მეთქი სულ ორი ადამიანი ვცხოვრობთ, ერთი გარე განათების ბოძი დაგვიყენე და ხრეში დაგვიყარე-მეთქი, დაიწყო, ნაციონალებს მიეცით ხმაო. რა შუაშია აქ ნაციონალები და “ოცნება”? არადა, არჩევნები რომ იყო, ამათ მივეცი ხმა. დახმარება მოდის, თავიანთში იყოფა, ტრაქტორები მოდის თავიანთში იყოფა. რომ წვიმს, შეუძლებელია ამ გზაზე გავლა, დედაჩემი ცუდად იყო, სასწრაფო გამოვიძახე და ვერ შემოვიდა, ამასობაში ქალი გარდაიცვალა, ძლივს გავასვენეთ, ყელამდე ტალხი იყო”, – ამბობს ჯუმბერ ამირიძე.

გორის მერის წარმომადგენელი ზეღდულეთში ბრალდებებს უარყოფს. დავით ცერცვაძე ამტკიცებს, რომ მოსახლეობას პოლიტიკური ნიშნით არ ყოფს, თუმცა პროვოკატორებს უწოდებს მათ, ვინც პროტესტს გამოთქვამს.

“უკანონოდ მიითვისეს ის გზა. ბოძი, რომელზეც უნდა დავაყენოთ სანათი მოაქციეს ბაღებში, ამიტომ იქ სანათის დაყენებას არ  აქვს აზრი და ვერც დავაყენებთ. გზას რაც შეეხება, რაღაც მონაკვეთი მოვაწესრიგეთ, 100 მეტრი დარჩა მოსაწესრიგებელი და მაგასაც ვგეგმავთ რომ მოვაწესრიგოთ. პოლიტიკური ნიშნით, ეგეთი რაღაც არ არსებობს, არც მომხდარა და არც მოხდება, სანამ მე ვიქნები აქ. ტყუილია, იგონებენ, პროვოკატორები არიან ეგენი”, – აცხადებს გორის მერის წარმომადგენელი დავით ცერცვაძე.

დატოვეთ კომენტარი