ახალი ამბები

გორის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი ალექსი მარიამიძე თავისუფალია

გორის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი და მოსამართლე ალექსი მარიამიძე თავისუფალია – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გორის რაიონული სასამართლოს განაჩენი შეცვალა, რომლითაც ბრალდებულს 5 წელი ჰქონდა მისჯილი.

აქამდე თუ მარიამიძე არასრულწლოვნის მიმართ ძალადობასა და დამამცირებელ მოპყრობაში იყო მსჯავდებული, ახლა სასამართლომ ის დამნაშავედ მხოლოდ ძალადობაში ცნო. ამ გადაწყვეტილებით, ალექსი მარიამიძეს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ბრალდებული სასამართლოს დარბაზიდან პირობით გათავისუფლდა.

საქმე ეხება 2021 წლის მაისში გორში, წმინდა წყლის დასახლებაში მომხდარ ამბავს. მაშინ ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ [PHR] განაცხადა, რომ ვაშლის უნებართვო კრეფის გამო, მოზარდზე გორის ყოფილი მერის მოადგილემ იძალადა. კერძოდ, ბავშვს პლასტმასის მილი დაარტყა ფეხზე, ხოლო მისმა მეუღლემ ძალით ჩამოიყვანა ხიდან, რამდენჯერმე გაარტყა სახეში ხელი, ამოარტყა პანღური და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

ამავე ორგანიზაციის ინფორმაციით, ყოფილმა ჩინოვნიკმა ამის შემდეგ მოზარდი იძულებით გააშიშვლა წელს ზემოთ, გახადა შარვალი და ასე გაუშვა ქუჩაში. მარიამიძე გასული წლის ოქტომბერში ცნო დამნაშავედ გორის რაიონულმა სასამართლომ და ის სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ ალექსი მარიამიძე წლების განმავლობაში გორში მოსამართლედ მუშაობდა. ის თანამდებობიდან 2004 წელს გაათავისუფლეს. მომხდარის გამო, მან დავა სტრასბურგის სასამართლოში დაიწყო. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მაშინდელმა გუბერნატორმა, ზურაბ რუსიშვილმა ის თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნა. 

2017 წელს, მარიამიძე გორის მაშინდელი მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის მოადგილე გახდა. ამ პოსტზე მან თითქმის 1 წელი იმუშავა.  ჯერჯერობით უცნობია, გეგმავს თუ არა საქართველოს პროკურატურა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.