“რამდენი სიცოცხლეც არ უნდა მქონდეს, იგივე გზას გავივლიდი”, – ამბობს მოცეკვავე და ქორეოგრაფი მარიკა ბიჭიკაშვილი. ის პროფესიით ქართული ხალხური ცეკვების ქორეოგრაფი და მსახიობია. ცეკვავს პატარა ასაკიდან. ის მოცეკვავეების ოჯახიდანაა, ამიტომ სხვა პროფესიაზე არასოდეს უფიქრია.
“პაპაჩემი მოცეკვავე იყო, ჯანო ბაგრატიონთან და კოწო მანჯგალაძესთან ერთად ანსამბლში ცეკვავდა. შემდეგ პაპა მეორე მსოფლიო ომში წავიდა, იქიდან ხეიბარი დაბრუნდა და ვეღარ გააგრძელა ცეკვა. მის გზას დედაჩემი გაჰყვა. 50 წელზე მეტია, ქორეოგრაფიულ საქმიანობას ეწევა, შემდეგ უკვე მე აღმოვჩნდი ამ დიდი საქმის გამგრძელებელი. პირველ კლასში რომ ჩავირიცხე სტუდიაში, მას მერე ამ საქმეს ვემსახურები. დედის გავლენა უდიდესია, მისი მოძრაობები მაქვს აღებული, მაკიაჟს კეთებაც კი მისნაირი მაქვს, ვიზუალურადაც ძალიან ვგავარ”, – გვიყვენა მარიკა.
მარიკა იხსენებს, რომ პირველად სცენაზე აჭარულის სოლოთი წარსდგა, რომელიც დედამ ასწავლა.
“მახსოვს ჩემი პირველი ზიარება სცენაზე, ეს იყო აჭარულის სოლო, დედამ წითელი ბარხატის კაბა შემიკერა, დღემდე მახსოვს ის მანერა, მზერა, როგორ მასწავლიდა სახის და მიმიკის დაჭერას. მას შემდეგ, დედასთან ერთადაც ვცეკვავდი წყვილში, ქართულის სოლოს, ეს ძალიან ემოციური და სასიამოვნოდ გასახსენებელია ჩემთვის”, – იხსენებს ის.
მარიკამ 9 კლასის დამთავრების შემდეგ, ჩააბარა სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციულ და თანამედროვე ხელოვნების სახელმწიფო კოლეჯში, სადაც ექსპერიმენტულ ჯგუფში ეუფლებოდა თეატრალურ პროფესიას და პარალელურად ქორეოგრაფიას.
“კოლეჯის დასრულების შემდეგ მომენიჭა ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის წოდება და ასევე თეატრის მსახიობის კვალიფიკაცია. ამის შემდეგ გადავწყვიტე ჩამებარებინა უნივერსიტეტში. ჩავაბარე შოთა რუსთაველის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ხალხური ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის სპეციალობაზე, შემდეგ იყო მაგისტრატურა და ამჟამად მაქვს დამდგმელი ქორეოგრაფის მაგისტრის ხარისხი. მიუხედავად სირთულეებისა, რამდენი სიცოცხლეც არ უნდა მქონდეს, კიდევ იგივე გზას გავივლიდი”,- ამბობს მარიკა
მარიკა თბილისში წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ცეკვის პედაგოგად. 2016 წელს კი, საკუთარ ქალაქში დაბრუნდა და ცეკვის სტუდია “ფერხული” დააფუძნა.
“დაახლოების 7 წლის წინ, გადავწყვიტე კასპში დავბრუნებულიყავი და დამოუკიდებლად გამეგრძელებინა ჩემი საქმე. რთულია ნულიდან ყველაფრის დაწყება, ნდობის მოპოვება, მაგრამ ზოგი ნაცნობობით, ზოგიც ისე, მოსწავლეები შემოვიკრიბე და დავაფუძნე ჩემი ანსამბლი. ბავშვობის ემოცია დამიბრუნდა მაშინ, როდესაც ჩემი სტუდიის აღსაზრდელები კონცერტზე გავიყვანე, კმაყოფილებით და სიამაყით ვიყავი სავსე, რომ მე მათი იმედები გავამართლე, თითოეულ ბავშვშში უდიდეს შრომას ვდებ და როდესაც აპლოდისმენტს ვისმენ, ეს ჩემთვის ყველაზე დიდი დაფასებაა”, – გვიყვება მარიკა.