ავტორი: ნანა გუჯეჯიანი
ყოველთვის ვცდილობდი, რომ აქტიური მოსწავლე ვყოფილიყავი, ახლაც ასეა. ძალიან აქტიურად ვარ ჩართული სასკოლო შემოქმედებით ცხოვრებაში. თვითონაც ვგეგმავ და ორგანიზებას ვუკეთებ ხოლმე სასკოლო ღონისძიებებს.
როგორ მოვხვდი თეატრში?
გასულ წელს სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთნ ღონისძიება დავგეგმე, ძალიან აქტიურად ჩაერთო მოსწავლეთა დიდი ნაწილი, გვქონდა ქორეოგრაფიული და სხვა შემოქმედებითი ნომრები, ასევე ჩრდილების ორი სპექტაკლიც დავდგით. ერთი სპექტაკლი აკაკი წერეთელის ,,სიზმარის” მიხედვით იყო, მეორე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე, სადაც დედა-შვილის წერილი გავახმოვანეთ. მე მაშინ დედის როლი ვითამაშე.
ღონისძიებას მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ, იყო ბევრი ემოცია და აპლოდისმენტი. ღონისძიების დასრულების შემდეგ კასპის მერმა, ბატონ ვახტანგ მაისურაძემ მირჩია მივსულიყავი და ჩემი თეატრალური უნარები კასპის საყმაწვილო თეატრში გამომეცადა.
იდეა მომეწონა, მივედი და შერჩევის ეტაპი წარმატებით გავიარე.
რაში დამეხმარა თეატრი?
საუკეთესო პედაგოგი დამხვდა, თეატრზე უზომოდ შეყვარებული და თავისი საქმის პროფესიონალი ქალბატონი ეკატერინე ქვრივიშვილი.
სრულიად სხვაა, როცა პროფესიონალი პედაგოგის წინაშე ასრულებ როლს, კიდევ უფრო შემიყვარდა თეატრი, სრულიად სხვა განცდები და შინაგანი პასუხისმგებლობა ვიგრძენი დიდ სცენაზე. მივხვდი, ბევრი შრომაა საჭირო იმისთვის, რომ თითოეულ მაყურებელზე გავლენა მოახდინო, სწორად მიიტანო სათქმელი და ზუსტად ის ემოცია მიიღო საპასუხოდ რეჟისორის ჩანაფიქრში რომ იყო. ეკა მასწავლებელი სულ გვეუბნება, შინაგანად უნდა იყო არტისტი, ემოციის სცენაზე გადმოტანა რომ შეძლოო. ამიტომ ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია, მისი იმედები რომ გავამართლო.
ვფიქრობ მსახიობობა შევძელი, რადგან პირველივე სპექტაკლის პრემიერამ წარმატებით ჩაიარა და ახალ სპექტაკლზეც ვმუშაობთ.
ახლა მე -11 კლასის მოსწავლე ვარ. ყველას უკვირს, როგორ ვახერხებ სასკოლო ცხოვრებას ასეთ რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს რომ ვუთავსებ. მე კი ვფიქრობ, ყველაზე ბედნიერი სწორედ ახლა ვარ. დიახ, საკუთარი თავი სცენაზე ვიპოვე და ამან სკოლაშიც კიდევ უფრო გამააქტიურა, ზღვა ენერგია მომცა და მგონია, რომ კიდევ უფრო მეტის გაკეთება შემიძლია, ვიდრე აქამდე.
რას ვურჩევდი ჩემს თანატოლებს?
ჩემს ყველა თანატოლს ვურჩევ, აუცილებლად მოსინჯონ შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში, ბოლომდე დაიხარჯონ და იმუშაონ საკუთარ თავზე.
თუ ძალიან დაღლილიც კი ბედნიერებას იგრძნობთ, ესე იგი, იპოვეთ ის საქმე რაც უნდა აკეთოთ.
ვისაც არტისტული მონაცემები აქვს, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გამოსცადონ თავი თეატრში – მე პირადად სცენაზე სრულიად ვივიწყებ გარესამყაროს. იმ პერსონაჟად გარდავიქმნები ხოლმე, ვისაც ვთამაშობ და შემდეგ ისევ ვუბრუნდები საკუთარ თავს. ეს განცდები ყველაზე დიდი დასვენება და სიამოვნებაა. ამის შემდეგ კი განახლებული ძალებით ვუბრუნდები ჩვეულ ცხოვრებას.