ბლოგები

პაპილომა ვირუსი სქესობრივ პარტნიორებში

ავტორი: მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი მაია რომელაშვილი

ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV) არის რეპროდუქციული ასაკის ქალისა და მამაკაცის სასქესო სისტემის ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექცია, HPV არის დნმ შემცველი ვირუსი, ამჟამად, იდენტიფიცირებულია HPV-ს 100-ზე მეტი ტიპი, აქედან 30 ტიპს ონკოგენური ბუნება აქვს და საშვილოსნოს კიბოს ძირითადი ეტიოლოგიური ფაქტორია. 

საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა 99%, ისევე როგორც მისი კიბოსწინა დაავადებები, დაკავშირებულია HPV ინფექციასთან, რომელიც მიეკუთვნება ასიმპტომურ სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს.

ვირუსის მაღალი და დაბალი რისკის ტიპები

საშვილოსნოს, ყელის კიბოს განვითარების გათვალისწინებით, ასხვავებენ HPV ვირუსის მაღალი და დაბალი რისკის ტიპებს, დაბალი ტიპის რისკებს შეუძლიათ გამოიწვიონ გენიტალური კონდილომები და მსუბუქი ხარისხის დისპლაზია CIN-1, მაღალი რისკის ტიპებს მიეკუთვნება 15 ტიპი – HPV-16-18-31-33-35-39-45-51-56-58-59-66-68.

მათ შორის ყველაზე უფრო ონკოლოგიურია HPV 16-18. მათი ხანგრძლივი პერსისტენციით შეიძლება განვითარდეს CIN-1,  CIN 2,3 და საშვილოსნოს ყელის კიბო. მე-16 ტიპზე მოდის საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა დაახლოებით ნახევარი, ხოლო მე-18 ტიპზე 10-12%.

პაპილომა ვირუსი სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს მიეკუთვნება

სექსუალურად აქტიური ქალების 50-75% სიცოცხლეში ერთხელ მაინც ინფიცირდება HPV-ით. ინფექციის პიკი მოდის მოზარდებზე და ადრეული რეპროდუქციული ასაკის ქალებზე (16-30 წელი). ადამიანის პაპილომა ვირუსი ვრცელდება ადვილად. მისი გადაცემისათვის საკმარისია ნებისმიერი ინტიმური სიახლოვე, თუნდაც, სქესობრივი კავშირის გარეშე. ვირუსი გადაეცემა ინფიცირებული გენიტალიების კანთან, ლორწოვანთა გარსებთან და ორგანიზმის ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტის შედეგად.

HPV ინფექციის უმეტესობა არის ტრანზიტორული

ეს გულისხმობს იმას, რომ ადამიანის იმუნური სისტემის ზემოქმედებით ხდება ამ ინფექციის ელიმინაცია, მხოლოდ მაღალი ტიპის HPV-ით ინფიცირების დროს შემთხვევათა 5-10%-ში შესაძლოა ინფექციის პერსისტენცია, ამ ქალებს ახასიათებთ საშვილოსნოს ყელის მაღალი ხარისხის დაზიანების (CIN 2-3 დისპლაზია) და კიბოს განვითარების მაღალი რისკი. დისპლაზია კიბოსწინარე პროცესების კრებითი სახელწოდებაა და პათოლოგიური პროცესის ბრტყელი ეპითელიუმის სხვადასხვა შრეებზე გავრცობის ხარისხიდან გამომდინარე არჩევენ მსუბუქ, ზომიერ და მძიმე ხარისხის დისპლაზიებს, თუმცა, იმუნიტეტის დაქვეითების შემთხვევაში ვირუსმა შესაძლოა მხოლოდ კანსა და ლორწოვან გარსებზე გამოიწვიოს სხვადასხვა წარმონაქმნის გაჩენა, როგორიცაა: მეჭეჭი, პაპილომები.

პაპილომა ვირუსი მამაკაცებში

მამაკაცები პაპილომა ვირუსის გავრცელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, თუმცა, შესაძლოა მათ ამ დაავადების არავითარი გარეგნული გამოვლინება არ ჰქონდეთ. გენიტალიების HPV-ით ინფიცირების შემთხვევები მამაკაცებში უფრო ხშირია, ვიდრე ქალებში. ამიტომ რომელიმე სქესობრივ პარტნიორში პაპილომა ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, ალბათობა  დაინფიცირების მაღალია.

მიუხედავად ამისა, რომ დაცული სქესობრივი კონტაქტი კონდომით საკმაოდ ეფექტურია სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა პრევენციის მიზნით, იგი ბოლომდე მაინც ვერ უზრუნველყოფს ადამიანის სრულად დაცვას პაპილომა ვირუსისგან. დაავადება დაინფიცირებიდან შესაძლოა მრავალი წლის შემდეგ გამოვლინდეს, რაც მიუთითებს სქესობრივი პარტნიორის გამოკვლევის აუცილებლობაზე.

პაპილომა ვირუსული ინფექცია განსაკუთრებით საყურადღებოა ინფექციის პერსისტენციის შემთხვევაში მაღალი რისკის ტიპების HPV-ით ინფიცირების დროს, ეს ხდება შემთხვევათა 5-10%-ში. ამ დროს მაღალია ალბათობა განვითარდეს მამაკაცებში სასქესო ორგანოების სიმსივნე. ამასთანავე, ორივე სქესის წარმომადგენელში ასოცირდება ანალური, გენიტალური ორგანოების კიბოსთან.

წყვილების დაინფიცირების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია დროული და სწორი მკურნალობა ორივე სქესობრივი პარტნიორის. სწორად შერჩეული მედიკამენტი, მკურნალობის კონსერვატიული და ქირურგიული მეთოდი გვაძლევს საშუალებას აღმოფხვრათ პაპილომა ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში შორეული და არაკეთილსაიმედო გართულებები.

მედიკამენტოზური მკურნალობის პროცესში სასურველია ისეთი საშუალებების გამოყენება, რომლებიც არეგულირებენ ჰორმონალურ ბალანსს, ხელს უწყობენ უჯრედული ციკლის სწორედ განხორციელებას და არეგულირებენ პროლიფერაციულ პროცესებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.