მოუწესრიგებელი გზა, საკანალიზაციო სისტემა და სასმელი წყალი – ხაშურელები ხელისუფლებას წლებია ერთი და იგივე პრობლემების მოგვარებას სთხოვენ. ხაშურის მერიაში განმარტავენ, რომ მოსახლოების პრეტენზიები სამართლიანია და მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების შესახებ თავადაც იციან.
ხაშურის მერია მოქალაქეებს არაერთხელ დაპირდა, რომ მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის საკითხი გადაწყდებოდა. ერთ-ერთი ბოლო ინფორმაცია ამის შესახებ უწყებამ მერიის ფეისბუქ გვერზდე გამოაქვეყნა, სადაც მოსახლეობას აცნობა, რომ წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის დოკუმენტი უკვე ხელმოწერილია და სამუშაოები მალე დაიწყება, თუმცა მოსახლოების ნაწილს მერიის დაპირების არ სჯერა.
“რადგან ყველაფერი უკვე ხელმოწერილი და დაგეგმილია, იქნებ გაგვიზიაროთ დოკუმენტი, სადაც ნათლად ჩანს დროის რომელ კონკრეტულ მონაკვეთში რომელი ქუჩის კეთილმოწყობა გაქვთ განსაზღვრული. დარწმუნებული ვარ, ბევრს აინტერესებს”, – წერს მარიამ ჩუტკერაშვილი.
“ხელმოწერილი დოკუმენტი დაგვიდეთ და თავად წავიკითხავთ, რომელი თვის რომელ რიცხვში იწყება წყლის პროექტი. ასე იძახით თქვენ, უკვე დიდი ხანია და საშველი არ დააყენეთ”, – წერს ჯილდა სვანიძე
“სულ რაღაც 3 წელია, ხაშურში ვცხოვრობ და რასაც თვალს ვადევნებ, ყოველ წელს ან წელიწადში რამდენჯერმე, ამ პოსტს წერთ მასშტაბური პროექტები იწყებაო. ისეთი მასშტაბურია, რომ შესავალს 3 წელი სჭირდება, რომ ხალხი შეამზადოთ ალბათ”, – ამბობს ანა მურცხვალაძე.
ხაშურის მერიაში განმარტავენ, რომ მალე დაიწყება წყლისა და წყალარინების პროექტის განხორციელება, რომელსაც უწყება ყველაზე მასშტაბურ პროექტად მიიჩნევს და რომელიც ევროკავშირის და საფრანგეთის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
“მოგეხსენებათ, უკვე ხელმოწერილია ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც უახლოეს პერიოდში დაიწყება წყლისა და წყალარინების მოწესრიგების მასშტაბური პროექტი. პროექტის განხორციელების პარალელურად, დაიწყება უკვე დაქსელილი ქუჩების მოასფალტება”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
მოუწესრიგებელ საგზაო ინფრასტრუქტურის მიზეზად ხაშურის მერიაში სასმელი წყლის პროექტის დაწყების გაჭიანურებას უკავშირებენ. უწყებაში განმარტავენ, რომ ვიდრე ქალაქში არ მოწესრიგდება საკანალიზაციო და სასმელი წყლის სისტემა, გზების სრულ რეაბილიტაციას ვერ შეძლებენ. ხოლო, ნაწილობრივ რეაბილიტაციას ამინდის გაურესების გამო ვერ ახერხებენ.
“სამწუხაროდ, ნალექიანი ამინდი ხელს უშლის საგზაო სამუშაოების წარმოებას. ვპირდებით მოსახლეობას, გამოდარებისთანავე, როგორც კი კლიმატური პირობები საშუალებას მოგვცემს, დაიწყება ქუჩების მოსწორება გრეიდერით და სადაც საჭიროა, მოხრეშვა. ამასთან, ინტენსიურ რეჟიმში წარიმართება ასფალტის საფარის ორმოული შეკეთებაც”, – აცხადებენ ხაშურის მერიაში.
გარდა ქალაქისა, სასმელი წყლის პრობლემაა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც. ხაშურის მერიიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის პრობლემა 11 სოფელშია, საიდანაც 8 სოფელში აღნიშნული პრობლემის გადაჭრა სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებშია დაგეგმილი.