“Usaid Zrda” – ასე ერქვა პროექტს, რომლის ფარგლებში ასობით ოჯახმა მიიღო ეკონომიური სარგებელი. ადამიანებმა მიღებული გრანტით მეურნეობები განავითარეს, ახალი ტექნოლოგიები დანერგეს და შემოსავლის ახალი წყაროები გაიჩინეს. აღნიშნული პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ოჯახებისთვის. “მოზაიკა” ამ მასალაში სწორედ 3 ასეთ ისტორიას გთავაზობთ.
თამაზ გუდაძე, მერეთიდან:
“30 – 35 წელია, რაც ამ სათბურს ვუვლი. თავიდან 300 კვადრატულ მეტრზე მქონდა მოწყობილი, მაგრამ შემდეგ პროექტი დავწერე, USAID-ისგან დაფინანსება მივიღე და გავაფართოვე”, – გვითხრა თამაზმა.
თამაზის სათბური მოვლილია. აქ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს – ერთ კვალში მოცხარია დათესილი, მეორეში – ატამი, მესამეში კი – პომიდორი. სათბურში ცალკე სივრცეა მოწყობილი ყვავილებისთვის – აქ თამაზს ვარდის ახალი ჯიშები გამოჰყავს.
“ჯერი იყო 300 კვადრატი, ახლა არის 700 კვადრატი. “სმაროდინები” გამომყავს, ატმის ნერგები, პომიდვრის ჩითილი. სულ ვკითხულობ, ინტერნეტით ვეცნობი და ცოდნას ვიღრმავებ ამ მიმართულებით. თუ რაიმე პრობლემა აქვთ თანასოფლელებს მოსავალთან, ნერგებთან დაკავშირებით, მოდიან, მეკითხებიან და მეც ვასწავლი. თითმის ყველაფერს ვუზიარებ მათ, რაც მე ვიცი და რა გამოცდილებაც მაქვს ამ საქმეში.”
რიმა ღოლიჯაშვილი, ცერონისიდან:
“ჩვენი ახალგაზრდობა შევალიეთ ამ სოფელს, გვიყვარს ჩვენი მხარე და რა თქმა უნდა ძნელი იყო დატოვებაზე გვეფიქრა. ომის შემდეგ გვინდოდა რომ ისევ ისე გაგვეახლებინა ყველაფერი, ისევ ისეთი ყოფილიყო ცერონისი, როგორც ომამდე. ამასთან ერთად საჭირო იყო საარსებო წყარო, ამიტომ გავაკეთეთ პატარა სათბური, – გვიყვება რიმა.
რიმამ ომის შემდეგ განადგურებულ ეზოში სათბური სწორედ უცხოური გრანტით გააშენა.
“დავთესე პომიდორი და გამოვიყვანე ჩითილი. ჯერ პატარა სათბური გვქონდა, შემდეგ გავაფართოვეთ და გავხადეთ 10 მეასედი. ასევე მოგვყავს მწვანილი. ჯერ ცალკე დავთესავთ ხოლმე და შემდეგ გადაგვაქვს სათბურში. შრომისმოყვარე ადამიანს ყოველთვის უყვარს მიწა, ეს არის ჩვენი საზრდო, რომელზეც ყველანაირი მოსავალი მოგვყავს და ვიკვებებით”.
ტარიელ გურგენიძე, მეჯვრისხევიდან:
ტარიელ გურგენიძე საოკუპაციო ხაზთან მდებარე, სოფელ მეჯვრისხევში ცხოვრობს. მათ ეზოში ვარდის 4 000-მდე ძირი აქვთ. ტარიელი ამ საქმით 10-15 წლის წინ დაინტერესდა. მოგვიანებით კი, USAID-ის გრანტი მიიღო და საკუთარი მეურნეობის გაფართოება შეძლო.
ვარდების გარდა, ტარიელი ვაშლის ძმარსაც ამზადებს და ცდილობს ამ საქმით თანასოფლელები დააინტერესოს. საოკუპაციო ხაზიდან დაახლოებით 150 მეტრში, ტარიელი ვენახს უვლის, სადაც 17-18 ჯიშის ვაზი აქვს გაშენებული.
“მცოცავი ოკუპაცია მე და ჩემნაირებმა უნდა შევაჩეროთ. ჩვენს მიწებს თუ მივატოვებთ, ის რუსი იქ კი აღარ გაჩერდება, მოვა და აქ დამიჯდება. ამიტომაც არის, რომ ვენახს ვუვლი. ჩვენ ნახევარ ჰექტარ ფართობში დაახლოებით 17-18 ჯიშის ვაზია გაშენებული. იმ რუსმა უნდა დაინახოს, რომ იმ მიწას პატრონი ჰყავს, რომელიც იქაურობას უვლის და არ დათმობს”.